მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

ჯალაღანია

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ ახალ რწმუნებულს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის როლი მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

შეხვედრას "ოცნების" მთავრობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კახა გულედანი დაესწრო.

ილია ჯალაღანია პროფესიით იურისტია. დანიშვნამდე იგი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სისტემაში, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა და იურიდიულ-საგამოძიებო საქმიანობას ეწეოდა.

22 სექტემბრიდან ქვემო ქართლში (ბოლნისში, გარდაბანში, დმანისში, თეთრიწყაროში, მარნეულში, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ილია ჯალაღანია ასრულებს.

ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის თებერვალში პოსტზე დანიშნული ლევან ხარაბაძე სუს-ში მამუკა მდინარაძის მოადგილე გახდა.

გუშინ, 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები