მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა

კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტი შემოდგომის პლენარულ სხდომებზე დაამტკიცებს.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ცალკე აღვნიშნავ იმას, რომ მას სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები შთამბეჭდავია, ჩვენ დამატებითი ძალისხმევა გვჭირდება, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც სუს-ის უფროსს სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, პარლამენტისგან ბატონ მამუკა მდინარაძე მყარი ნდობა ექნება და შესაბამისად, მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების პოზიციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სუს-ის უფროსად დანიშვნიდან არასრულ 5 თვეში ანრი ოხანაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველი ხდება. მის განცხადებას, უწყება ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები