საქართველოს მთავრობა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტირების ბაზრის მოკვლევის თანახმად, ადგილზე გადავლენ როგორც სამინისტროები, ასევე თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი.
პროექტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-ის განუცხადეს, რომ სამინისტროების ერთ ტერიტორიულ ლოკაციაზე განთავსება უწყებებს შორის კოორდინაციას გაზრდის, ასევე პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგანაც ის საკუთარ თავში მოიაზრებს ამ უწყებების არსებული საოფისე შენობების ინვესტორებზე გაყიდვას და მათ ადგილზე ახალი ობიექტების მშენებლობას. შესაბამისად, მთავრობა დედაქალაქის ცენტრში არსებული ადმინისტრაციული ობიექტების პრივატიზებას და მიღებული სახსრებით სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს.
"ბაზრის კვლევა გამოცხადდა „სამთავრობო ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ჩვეულებრივ პროცედურას და წინ უძღვის ნებისმიერ საპროექტო შესყიდვას. რაც შეეხება „სამთავრობო ქალაქის“ აშენების ადგილის გადანაცვლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, განვმარტავთ, რომ ორთაჭალა პროექტის განხორციელების შესაძლო ვარიანტად განხილული არ ყოფილა. „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის მიზანია ხარჯთეფექტიანობის ზრდა და მათ შორის სახელმწიფო უწყებების კოორდინაციის გაუმჯობესება. სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი განთავსებულია მოძველებულ შენობებში და ფართის სიმცირის გამო, სამინისტროები შენობების დასაქირავებლად მსხვილ საიჯარო თანხას იხდიან. ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ხელს შეუწყობს ამ სახსრების დაზოგვას და ამავდროულად, მოგვცემს შესაძლებლობას, განხორციელდეს კონკრეტული უწყებების კუთვნილი შენობების პრივატიზება ახლის მშენებლობის ღირებულების საფასურად, რაც დამატებით წაახალისებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას,"- განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
სამთავრობო ქალაქი არსენალის მთაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 77 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.
ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:
- პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²
- მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
- ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²
- საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²
- ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²
- რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²
- დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
7,600 მ² - კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²
- თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
7,000 მ² - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²
- სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.
საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში - პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანის მიზნით მთავრობამ ბაზრის მოკვლევა გამოაცხადა




























