მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო მოლდოვის საგარეო უწყებამ საქართველოს წარმომადგენელი დაიბარა

კობახიძე

ბოლო პერიოდში მოლდოვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, მოლდოვის საგარეო უწყებამ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დავით ბოჭორიშვილი დაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საკითხი ეხება ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ბუდაპეშტში მოლდოვის ევროინტეგრაციასთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

"[დავით ბოჭორიშვილს] ინფორმაცია მიეწოდა მოლდოვის მხარის სიღრმისეული უკმაყოფილების შესახებ გამრუდებული და არათანმიმდევრული მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო გამოსვლებში მოლდოვის რესპუბლიკის ევროინტეგრაციას და საარჩევნო პროცესს ეხება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს თანამშრომლობა და ტრადიციული მეგობრობა, ასევე ის მიზნები, რაც თითოეულ ჩვენს სახელმწიფოს აქვს ევროინტეგრაციის პროცესში, უპირატესი უნდა იყოს", - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 7 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს მოლდოვაა. მისივე თქმით, მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

"თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?",- თქვა კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები