ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აქციების და "რადიკალური ოპოზიციის" ერთადერთი მიზანი ქვეყნის ეკონომიკისთვის მოკლევადიანი პრობლემების შექმნა იყო.
"ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს იმედი აქვს, რომ ეკონომიკა ზუსტად ისე დასტაბილურდება, როგორც ლარი დასტაბილურდა.
თუმცა ლარი 28 ნოემბრის ნიშნულთან შედარებით, კვლავ 3%-ით გაუფასურებული რჩება.
"წლის პირველ ნახევარში [ინვესტიციების] ძალიან კარგი მაჩვენებელი გვქონდა. მესამე კვარტალი სექტემბრის ჩათვლითაა და ჩვენს გადაწყვეტილებასთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ერთი კვარტალი მეორეზე უკეთესი შეიძლება იყოს.
მთლიანობაში ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს, პირველი 10 თვის ჭრილში 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი.
რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, მაგრამ მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება იმის მოტივაცია რომ ესტუმრო ჩვენს ქვეყანას, ან ჩადო ინვესტიციები. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით. როცა მწვავე იყო ვითარება, ლარიც გაუფასურდა, როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, ლარიც დასტაბილურდა. იგივე მოხდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერი დასტაბილურდება. რამე შფოთვის საფუძველი აქ არ გვაქვს", - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, ლარის რყევების ფონზე, გაყიდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა რეზერვები, კობახიძე პასუხობს: - რეალურად ამ დღეებში [ეროვნული ბანკის მხრიდან] უმნიშვნელო ინტერვენციების ჩარევა გახდა საჭირო.