ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსი დარჩება სტაბილური და ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში მაღალი ტემპით გაგრძელდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "როგორც კი ჩავარდა მაიდანი, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი". მისივე თქმით, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა
„ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. 10 თვის საშუალო ზრდაა 10%. გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საკუთარი საქმიანობა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.
მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები,“- განაცხადა პრემიერმა.
28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც „ოცნებამ“ 2028 წლამდე ევროკავშირში მოლაპარაკებების პროცესი შეჩერების შესახებ განაცხადა, 30 ნოემბრიდან ეროვნული ვალუტის კურსმა გაუფასურება დაიწყო. თუ 28 ნოემბერს 1 დოლარი 2.74 ლარი ღირდა, 4 დეკემბერს გაცვლითი კურსი 2.87 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 13 თეთრით გაუფასურდა. 4 დეკემბრიდან ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდს აჩვენებს და დღეისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,77 ლარია.
აღსანიშნავია, რომ როგორც ცნობილია, ამ დღეების განმავლობაში ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია, თუმცა ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმის ტრანზაქციები, რომელიც 25 იანვარს გახდება ცნობილი.




























