ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა. „ქართული ოცნების“ მიერ სულ ცოტა ხნის წინ მეორედ არჩეულმა პრემიერმა ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება აქციებს, ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ ქვეყნის არევის მცდელობებს დაუკავშირა.
„ყოველი ასეთი მოვლენების დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, თუმცა შემდეგ, ყოველ ჯერზე, ლარის კურსი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას. ეს ასეც იქნება. დიდი აჟიტირებით საუბრობდნენ ამ დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები ლარის კურსთან დაკავშირებით. ეს არის დროებითი მოვლენა. როგორც კი ჩაცხრება ვითარება და ეს მოხდება ძალიან მალე, პრაქტიკულად აქეთკენ მიდის პროცესი, მაშინვე, ეს პირდაპირ დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა ეს არის დროებითი მოვლენა“, - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდასაც ოპოზიციის და უცხოეთიდან ქვეყნის არევის მცდელობები აფერხებს.
„რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ქვეყნის არევის მცდელობა ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ უფრო სწრაფად განვითარებადი. ჩვენ გვაქვს ევროპაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამაზე მაღალი მაჩვენებელი გვექნებოდა, რომ არა უცხოეთიდან ქვეყნის არევისა და რადიკალური ოპოზიციის მცდელობები“, - თქვა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათის ვაჭრობაზე ლარის დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 6-ით. შედეგად 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3 დეკემბრისთვის 2.8478 ლარია, 1 ევრო 2.9967 ლარი ეღირება. 29 ნოემბრიდან ლარის დოლარის მიმართ 10.6 თეთრით არის გაუფასურებული.
აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის ფონზე ეროვნულ ბანკს ამჯერად სავალუტო ინტერვენციისთვის არ მიუმართავს, მაშინ როდესაც მხოლოდ ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ,
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 591.1 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მათ შორის სავალუტო ინტერვენციებით $214 მილიონი დოლარი, ხოლო Bmatch პლატფორმით 377.7 მილიონი დოლარი. ეროვნული ბანკი მაშინ რეკორდულ ინტერვენციებს ლარის კურსზე ერთჯერადი ტრანზაქციებისა და მოლოდინების გავლენის მოხსნით ამართლებდა.