მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო-ს დასკვნა "სიცრუით გაჯერებულია“, თუმცა გასათვალისწინებელ რეკომენდაციებსაც შეიცავს

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში სიცრუით არის გაჯერებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესს პოლიტიკური საფუძველი უდევს, თუმცა დასკვნაში არის რეკომენდაციებიც, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამება და გასათვალისწინებელია.

„ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, თუ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან რის გათვალისწინებას აპირებენ, განმარტა, რომ აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომები იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, ამ მიმართულებით პრევენციისთვის ზომები უკვე მიიღეს.

„წამება მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც, კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები - ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება. შენიშვნა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმულია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც რა თქმა უნდა, აქტიურ ზომებს მივიღებთ. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტით, მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადაცდომები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები აშკარად იყო და საჯაროდაც გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

„4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა...

როგავა, ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო და მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის ქუჩაზე შემთხვევა [მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობა]. ამ შემთხვევაში პოლიციელებთან არ გვქონდა ჩვენ საქმე, ძალადობა განხორციელდა არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული საგანგებო ანგარიში საქართველოში დემოკრატიის „მკვეთრ უკუსვლასა“ და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები