„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით ათი პარტიის აკრძალვას აანონსებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"ზუსტი სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როცა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა… შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ… მცირე პარტიების ჩათვლით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ლელო” და გახარიას პარტიაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, რაც გულისხმობს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ და ამაზეა აგებული პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
“რაც შეეხება “ლელოს” და გახარიას, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი - ავიღოთ 2020-2021 წლები და 2024 წელი, ორი ძირითადი საპარლამენტო არჩევნები და 2021 წლის არჩევნები, რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით საპარლამენტო არჩევნებს. ყველა ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურმა ძალებმა, ზუსტად იგივე დღის წესრიგი აირჩიეს, რაც აირჩია “ნაცმოძრაობამ” და მისმა მეორე დანაყოფმა. ზუსტად იგივე - საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისინი ბოლომდე იყვნენ ჩართულები საბოტაჟში. ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, მათ შორის, საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის გეგმას ერთადერთი გახარია გაემიჯნა, “ლელო” - არა. “ლელომ” თქვა, რომ 20:00-საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და 20:00 საათის შემდეგ უერთდებოდნენ დამხობის აქციას. ბოლოს ისინიც გაემიჯნენ, მას შემდეგ, რაც ჩავარდა მათი გეგმა, ისევე როგორც გაემიჯნენ სოფო ჯაფარიძე და სალომე ზურაბიშვილი. ერთადერთი - გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა, მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მეტიც, გახარიას პარტიას ჰქონდა შექმნილი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მათ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. როცა ქმნი კოალიციას თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს, რითაც იმ პარტიების და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ქვეშ მოიაზრებს. პარალელურად „ოცნება“ იღებს ცვლილებებს, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელში იმ პირების სიას წარუდგენენ, რომელთაც პოლიტიკური აქტივობა უნდა აეკრძალოთ.
გორდულაძის თქმით, „ოცნების“ მიერ შედგენილ სიაში ისეთი პირებიც იქნებიან, რომლებიც შესაძლოა, ასაკრძალი ოპოზიციური პარტიების წევრები არც იყვნენ, თუმცა მმართველი პარტია მიიჩნევდეს, რომ თავიანთი საქმიანობით ისინი თანხვედრაში არიან ასაკრძალი პარტიების მიზნებთან.




























