"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმეტესად უცხოელები მუშაობდნენ ე.წ. დამდებებად, ნარკოტიკების რეალიზატორებად. მან ამის შესახებ „იმედის“ ეთერში მიგრაციის საკითხზე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი სწორედ ამიტომ იყვნენ მზად, რომ შედარებით დაბალი ანაზღაურებით ემუშავათ მათ შორის კურიერებად.
„რაც შეეხება „გლოვოს“, „ვოლტს“, გიდებს და ა.შ. - საქართველოში არსებობდა სათანადო მუშახელი, სამუშაო ძალა, იყო მოთხოვნა და იყო მაღალანაზღაურებადი ეს სამუშაო ადგილები და მოხდა რა - ქართველებს შეეცილნენ უცხოელები, მიგრანტები ამ საქმეში, რომლებიც ბევრად უფრო იაფად იყვნენ მზად ამ მომსახურების გაწევისთვის და ხელოვნურად დაუგდეს ჩვენს მოქალაქეებს ხელფასები. შესაბამისად, აქ ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ამ სფეროებში უცხოელების შემოყვანა, სადაც ხელოვნურად ვუმცირებთ ჩვენ ხელფასებს საქართველოს მოქალაქეებს. სწორედ ამის გამო განისაზღვრა შესაბამისი ჩამონათვალი მთავრობის სამართლებრივ აქტში. გარდა ამისა, აქ სხვა პრობლემებიც იყო. უცხოელები და უმეტესად, ეს იყვნენ უცხოელები, მუშაობდნენ ე.წ. დამდებებად, ნარკოტიკების რეალიზატორებად და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათ მოახერხეს ხელოვნურად ფასის დაგდება. კომპლექსური პრობლემა იყო და შესაბამისად, ჩაითვალა მიზანშეწონილად, უცხოელებისთვის აქ მუშაობის შეზღუდვა. არის სფეროები, სადაც ეს შეიძლება აუცილებელი იყოს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ“, - განაცხადა პრემიერმა.




























