მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით

5fe7285c0dfed
თელარა გელანტია
26.12.20 16:10
840
"საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, ლარის კურსის ვარდნა პრაქტიკულად მოსახლეობის და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა“ ანუ იგივე ეფექტის მატარებელია. აი, აქ უნდა მოხდეს ძალიან ზუსტი, ფაქიზი და რაც მთავარია თავისდროული მოქმედებები ეროვნული ბანკის მხრიდან“, - ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკაში დეპუტატი მაღალ დოლარიზაციას და იმპორტდამოკიდებულობას გულისხმობს.
„ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი. ეს ადვილი არაა თანამედროვე ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია“, - განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა მთელი რიგი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მიმართულებით”.

„ამით ჩვენ შევქმენით საფუძველი გრძელვადიანი ფისკალური, მონეტარული, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. რომ არა ეს რეფორმები დღეს საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა“, - მან საპარლამენტო ტრიბუნიდან.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა.

კობა გვენეტაძე ირწმუნება, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები, რომელსაც მიზანმიმართულად გამოიყენებს, რათა მოსახლეობაზე ლარის გაუფასურების გავლენა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. „ძალიან ფრთხილად ვეკიდებით თითოეული დოლარის ინტერვენციას. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ ის“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები