მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მიღებული ზომები ახლაც იცავს მოსახლეობას

5fe6d85807fab
ინგა მურუსიძე
26.12.20 10:40
995
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ის შოკი, რომელსაც ახლა საქართველო და მთელი მსოფლიო გადის, ძალიან ბევრ გაურკვევლობას ქმნის. ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ბანკირმა პარლამენტში სებ-ის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, სადაც დეპუტატების მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ არაერთ კითხვას უპასუხა.

„ის ზომები, რომელსაც კრიზისის წინ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ვიღებდით, დოლარიზაციის შემცირებისკენ იყო მიმართული და ახლა გახდა უფრო რელევანტური და მნიშვნელოვანი, რადგან იმ შემთხვევაში, როცა სესხი აღებულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს, იზრდება ამ სესხის ღირებულება და მცირდება განკარგვადი შემოსავალი. სავალუტო ინტერვენციები, რომელიც განვახორციელეთ, მიმართულია იქითკენ, რომ შევავსოთ ის დანაკლისი, რომელიც ქართულმა ეკონომიკამ ტურიზმის გამო განიცადა”, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძე ირწმუნება, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები, რომელსაც მიზანმიმართულად გამოიყენებს, რათა მოსახლეობაზე ლარის გაუფასურების გავლენა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. „ძალიან ფრთხილად ვეკიდებით თითოეული დოლარის ინტერვენციას. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ ის“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ინტერვენციებზე საუბრისას სებ-ის პრეზიდენტმა პანდემიის გამო ტურიზმიდან ვერმიღებულ შემოსავლებზე და ამ დანაკლისის მნიშვნელობასა და ნაწილობრივი შევსების გზებზეც ისაუბრა.

“შარშან საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.3 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც იყო რეკორდული მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ წელს დონორებისგან მივიღეთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ფინანსური რესურსი, ეს ვერ აბალანსებს ამ დანაკარგს. ზუსტად ასე ხდება კურსის კორექტირება, რადგან ის ასრულებს ავტომატური სტაბილიზატორის როლს, რომელმაც უნდა აიღოს ეს დარტყმა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მიდგომას არ გამოვიყენებთ, შეიძლება მოლევადიან პერიოდში დავიჭიროთ კურსი, მაგრამ ის შემოსავალი თუ არ შემოვიდა, შეუძლებელი იქნება ამ კურსის დაკავება და ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ის სავალუტო ინტერვენციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ შეძლებისდაგვარად მომხდარიყო ბაზრის არაორდინალურ ქცევაზე გავლენის მოხდენა და რყევები არ ასახულიყო ფასებზე, რადგან ეს მსყიდველობით უნარს განსაზღვრავს.

"საბაზისო სცენარი არის მოვლენების კარგად განვითარება და შემდეგ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ალტერნატიულად, 1%-იანი ზრდა, თუ საერთოდ არ აღდგა ტურიზმი და მოვლენები ნეგატიურად განვითარდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რეზერვები, რათა დავეხმაროთ ბაზარს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის ტვირთი, რომელიც მოსახლეობას აქვს, გვაქვს ასევე მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, მაგრამ მის აწევასაც აქვს თავისი წინაპირობები. ჩვენ მიერ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები ახლაც იცავს მოსახლეობას, რომლებიც რომლებიც სხვა შემთხვევაში უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები