საქართველოს მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსების მოდელზე ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფონდი 2022 წელსაც კვაზი ფორმით განაგრძობს საქმიანობას.
საქმე ის არის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეკომენდაციით, მთავრობამ "საპარტნიორო ფონდს" საინვესტიციო საქმიანობა შეუზღუდა, მაგრამ ფონდის რეფორმირება რამდენიმე წელია ვერ მოხერხდა.
„ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 29 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე და დასძინა, რომ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის რესტრუქტურიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები 2021 დარეგისტრირდებოდა, მაგრამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ შესულა.
რა აფერხებს საპარტნიორო ფონდის რეფომირებას? - ამ კითხვით bm.ge-მ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.
„მე ამ თვალსაზრისით ვერაფერს მოგახსენებთ. უნდა დაველოდოთ კანონპროექტს საპარტნირო ფონდთან დაკავშირებით. სხვა ინფორმაცია ამ თემაზე არ მაქვს; დოკუმენტი როცა შემოვა პარლამენტში, ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
შეგახსენებთ: საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ 2021 წლის საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში ეწერა, რომ „სააქციო საზოგადოება - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდოდა, რაც "საპარტნიორო ფონდში“ რეფორმების აუცილებლობით იყო განპირობებული.
„პროექტის მიღებით, 2022 წლის დასაწყისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოს განვითარების ფონდის რეფორმირებული სახით და სრულყოფილად ამოქმედება“, - ეწერა პარლამენტის გეგმაში.




























