მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: სებ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ინფლაცია დაითრგუნოს

60eef31708c0f
თელარა გელანტია
15.07.21 09:00
585
„ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ინფლაცია დაითრგუნოს“, - ასე ფიქრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

როგორც მან bm.ge-ისთან საუბარში თქვა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, პირველ რიგში, სებ-ის მანდატი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ ინფლაციის შემცირებაში ცენტრალურ ბანკს ხელი ყველა უწყებამ უნდა შეუწყოს, მათ შორის ფინანსთა სამინისტრომ და მთლიანად საქართველოს მთავრობამ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატს და ფინანსთა მინისტრის მოქმედ მოადგილე ნიკოლოზ გაგუას ჰკითხა - ინფლაციის ტარგეთიდან რა ზომის გადახრა მიაჩნია მისაღებად, რაზეც ნიკოლოს გაგუამ უპასუხა, რომ მისი მოსაზრებით, ეს მაჩვენებელი შესაძლოა იყოს +1,5% ან -1%. „ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვიკამათოთ", - თქვა ნიკოლოზ გაგუამ.

კითხვა, რომლითაც კოვზანაძემ გაგუას მიმართა, Bm.ge-მ თავად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დაუსვა.

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში არის მაღალი ინფლაცია და ეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ხალხს აწუხებს ფასების ზრდა და ეს არის სერიოზული პრობლემა. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის მანდატშიც არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რომ ინფლაცია დაითრგუნოს ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდა მოსახლეობაზე ძალიან მტკივნეულად აისახება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხასი გაუსვა იმას, რომ მიმდინარე ანგარიშის და ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის, ასევე, სიღარიბის არსებული დონის გამო, მოსახლეობაზე ინფლაცია განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება.

Bm.ge-ის კითხვაზე - მაღალი ინფლაციის და სებ-ის პოლიტიკის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება შეფასდეს ცენტრალური ბანკის საქმიანობა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

„სებ-ის მუშაობის შეფასებაში მე ახლა არ შევალ. თავს შევიკავებ, რადგან წინ გვაქვს წლიური ანგარიშის მოსმენა. ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების დრო ჩვენ გვექნება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები