საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კვლევის თანახმად, დაკლებულია იმ გამოკითხულთა რაოდენობა ვინც მომდევნო 1 წლის განმავლობაში 4-6%-ისა და 8%-ზე მეტად ვარაუდობდნენ ფასების ზრდას და შესაბამისად გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც ერთწლიან ჭრილში ფასების 2-4%-ის შუალედში ზრდას პროგნოზირებს.
რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ მონაცემებს, მაისში წლიური ინფლაცია აპრილთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მან 3.4% შეადგინა.
ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგები:
"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%-6%-სა და 8%-ზე მეტად ინტერვალში ფიქრობენ, შემცირდა. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%, ელოდებიან
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, აპრილთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას >8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, მაისში აპრილთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ვარაუდობენ. თუმცა, ამავე დროს, საკმაოდ მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 6%-8%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის ფარგლებში და 30%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ისა და 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აპრილთან შედარებით შემცირებულია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























