მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასები პროდუქტიულობაზე მეტად იზრდება“ - რას ნიშნავს ხელფასი-ფასის სპირალი?

63dcf20914b6a
თელარა გელანტია
03.02.23 16:21
938
სტატიაში საუბარია:
საქსტატის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ფასების დონე წლის განმავლობაში საშუალოდ 5.4%-მდე შემცირდება და 2023 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება, რაც 3%-ია.

„ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, თუმცა, ჯერჯერობით, კვლავ მაღალ ნიშნულზეა“, - წერია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

„ფაქტორები, რომლებიც მაღალ ინფლაციას განაპირობებდა - საერთაშორისო ბაზრებზე საკვებ პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები, გაძვირებული ტრანსპორტირების ღირებულება - ბოლო დროს მცირდება, რაც იმპორტირებულ ინფლაციასაც ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და გამყარებული გაცვლითი კურსიც ეხმარება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება ინფლაციაზე წნეხს, ეგზოგენური ფაქტორებიდან ესაა გაურკვეველი გეოპოლიტიკური სიტუაცია, ხოლო შიდა ფაქტორებს შორის ეროვნული ბანკი ასახელებს ხელფასი-ფასის სპირალის რისკს, რაც პროდუქტიულობაზე მეტად ხელფასების ზრდას ნიშნავს. სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, „ეს შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის“.

„ინფლაციური პერიოდის გახანგრძლივებიდან გამომდინარე, შრომის ბაზარზე ხელფასის მატების ტენდენციაა. იმ შემთხვევაში, როცა ხელფასების ზრდის ტემპი ინფლაციაზე მაღალია, მთლიანი მოთხოვნაც დამატებით იზრდება, რაც ინფლაციურ წნეხს წარმოქმნის. გარდა ამისა, როცა ხელფასის ზრდა პროდუქტიულობის ზრდას აღემატება წარმოების ხარჯები იზრდება, რასაც კომპანიები ფასების ზრდით პასუხობენ. ხელფასებისა და ფასების დინამიკას, როდესაც ხელფასის ზრდამ შეიძლება ფასების მატების ტალღა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, მუშახელის მხრიდან კიდევ უფრო მაღალი ხელფასის მოთხოვნას განაპირობებს და ა.შ. ხელფასი-ფასის სპირალი ეწოდება. ამ მხრივ, შრომის ბაზრიდან ინფლაციური ზეწოლა საყურადღებო ხდება, რაც მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებას მოითხოვს“, - ვკითხულობთ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ქვეყნის ეკონომიკაში პროდუქტიულობა (ერთ დასაქმებულზე წარმოებული რეალური დამატებული ღირებულება) 2022 წლის მესამე კვარტალში წლიურად 8.4%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთახელფასებმა ნომინალურად 16.5%-ით მოიმატა და თვეში საშუალოდ დარიცხულ 1,595 ლარს გაუტოლდა

ეროვნული ბანკის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სპირალის განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მოლოდინებია ფასების სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

„თუკი ინფლაციური შოკის შემდეგ (მაგალითად, ისეთი შოკების, როგორიცაა პანდემია, ან მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოდინება) ყალიბდება მოლოდინი, რომ ფასების საერთო დონის მატება შოკის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება, დასაქმებულს ან/ და სამუშაოს მაძიებელს უჩნდება სტიმული, რომ ხელფასიც მეტი მოითხოვოს. ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, საქართველოში ფაქტობრივი ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელიდან ხანგრძლივად არის გადახრილი, რაც საშუალოვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკებს წარმოქმნის.

ამ რისკის რეალიზება სამუშაოს მაძიებლებს მაღალი ხელფასის მოთხოვნისკენ უბიძგებს. თავის მხრივ, მაღალი ხელფასი პროდუქციის წარმოების დანახარჯს ზრდის, ფასების საერთო დონეს ზემოთ სწევს და ინფლაციურ ფონს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

ინფლაციურ მოლოდინებსა და ხელფასის ზრდას შორის ამგვარი დამოკიდებულება იძლევა საფუძველს, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ ამ ორი ცვლადის დინამიკას, რათა სპირალის განვითარების გამოკვეთილი ნიშნების საპასუხოდ შესაბამისი ზომები მივიღოთ. დიდწილად ამ რისკის შემცირების მიზნით ნარჩუნდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთლიანი ინფლაცია უკვე შემცირების ტენდენციას აჩვენებს და საერთაშორისო ბაზრებზეც დასტაბილურების ნიშნებია“, - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები