ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დაპირებით, 2023 წლიდან ქალაქ ტყიბულს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამის შესახებ მან ქალაქ ტყიბულის მერის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას განაცხადა.
"უკვე მიმდინარეობს მუშაობა და 2023 წელს ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მივიღებთ ევროპულ ტყიბულს, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსე.
პროცესი დაწყებულია, ორპირი - სოჩხეთის მიმართულებით 15 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაკეთებულია, 6 ხიდზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ელგუჯა გოცირიძის და ბეჟან წაქაძის დიდი დამსახურებაა ცხრაჯვარზე მოწყობილი გზა. ეხლა საჭიროა, რომ ცხრაჯვარზე უკვე კონკრეტული კერძო სექტორის ინიციატივები მივიღოთ და რა თქმა უნდა კომპლექსურად საბაგიროც და გზაც. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ტყიბული და ოკრიბა ნამდვილად იმსახურებს, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ რაც დაწყებული გვაქვს და კიდევ მეტი გავაკეთოთ, ასევე გავაკეთოთ სწორი არჩევანი და მივცეთ ტყიბულის მერობის კანდიდატს დათო ჩერქეზიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი განათლება და გამოცდილება გარდასახოს შედეგებში“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.




























