შსს-ს გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 62 პირი, უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
"რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება",- თქვა გელაძემ.
ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.




























