მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ირაკლი ყანდაშვილმა მითხრა, თუ ასოციაციას იუსტიციის სამინისტროს დაუქვემდებარებენ, ადვოკატთა კორპუსს გავფიცავო" - ზაზა ხატიაშვილი

ზაზა ხატიაშვილი

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში იქნება მეორე ნაბიჯი", - ამის შესახებ იურისტმა, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

მან "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებები შეაფასა და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა.

"ეს არის პირველი ნაბიჯი, შეაჩვევენ ადვოკატებს იმას, რომ პრემიერის ანგარიშვალდებულება ცუდი არ არის და მეორე ნაბიჯი იქნება ადვოკატის ინსტიტუტის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომ იუსტიციის მინისტრი იყო კურატორი ადვოკატთა კოლეგიაზე. ეს არის რუსეთში, ყაზახეთში, ბელარუსში...

ორი კვირაა გამოვდივარ და ვამბობ, რომ შემდეგი ნაბიჯი არის საქართველოს ადვოკატთა კორპუსის გადაყვანა იუსტიციის სამინისტროში. თუ მე ტყუილს ვამბობ, რატომ ერთი ოფიციალური პირი არ აკეთებს განცხადებას?",- აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხზე ესაუბრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ ასე არ მოხდება და მსგავს შემთხვევაში, ადვოკატთა კორპუსი გაიფიცება.

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მე დავუჭირე მხარი და არის ძალიან წესიერი ადამიანი. მან დაიწყო ძალიან კარგად, მე ვუყურებ რასაც აკეთებს. დაახლოებით 20 ადვოკატს ეხმარება, რომლის მიმართ ძალადობრივი მოქმედებები განხორციელდა.

ვინაიდან მე უფრო დიდი გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გადადის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, დავურეკე მე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მან მითხრა, რომ თუ ეს მოხდა, თუ ამის კონტურები გაჩნდა და განცხადებაც კი გაკეთდა, გამოვალ და მთელ ადვოკატთა კორპუსს გავფიცავ", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილების პაკეტის მიხედვით, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე, განსხვავებით დღეს მოქმედი კანონისა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იურიდიული სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები