ირანი ბაბ-ელ-მანდების სრუტის ბლოკირებით იმუქრება. ოფიციალურმა თეირანმა გაფრთხილება ტელევიზიით გაავრცელა და ვაშინგტონს ირანული პორტების ბლოკადის დროულად შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ირანის უზენაესი ლიდერის მრჩევლის, ალი აკბარ ველაიათის განცხადებით, წინააღმდეგობის ღერძის ერთიანი სარდლობა აღნიშნულ მარშრუტს ჰორმუზის სრუტის თანაბარმნიშვნელოვნად გამოაცხადებს, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მას მოკავშირეების მეშვეობით სრულად დაბლოკავს. როგორც ირანში აცხადებენ, თუ თეთრი სახლი “შეცდომების დაშვებას განაგრძობს”, ოფიციალური თეირანი მსოფლიო ენერგეტიკული ნაკადების 12-13%-ს მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაკეტავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსგავსი სცენარის რეალიზებამ გლობალურ ბაზრებზე, შესაძლოა, დამანგრეველი გავლენა იქონიოს, რადგან სატრანზიტო გზა წითელ ზღვასა და ადენის ყურეს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთადერთი საზღვაო მარშრუტია, რომლითაც გემებს ხმელთაშუა ზღვაში აფრიკის კონტინენტის შემოვლის გარეშე შეუძლიათ გავლა. ამერიკული ენერგეტიკული უწყებების მონაცემებით, ჰუსიტების თავდასხმებამდე, 2023 წელს, სრუტეში დღიურად 9.3 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. თუმცა ამჟამად მასში დღიურად, საშუალოდ, 4.2 მილიონი ბარელი ნავთობი, ანუ 12% გაედინება.




























