ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ხამენეი „ომში დაჭრილად“ მოიხსენია. მას შემდეგ, რაც კვირას სასულიერო პირთა ასამბლეამ ის ახალ ლიდერად აირჩია, მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებია. ირანში გავრცელებული ხმების თანახმად, ის ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო დარტყმების დროს დაშავდა.
მოჯთაბა ხამენეი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრედ ითვლებოდა. უფროსი ხამენეი 28 თებერვალს, ისრაელის საჰაერო იერიშების პირველი ტალღის დროს დაიღუპა. სახელმწიფო მედიის ცნობით, დაბომბვას ემსხვერპლნენ ახალი ლიდერის ოჯახის სხვა წევრებიც: დედა, და და მეუღლე.
„მისი აღმატებულება აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეი დღეს თავისი მოწამეობრივად აღსრულებული მამის, დედის, დისა და მეუღლის სისხლის მემკვიდრეა“, - განაცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა.
ირანული მხარე მიმდინარე კონფლიქტს „რამადანის ომს“ უწოდებს, რადგან ის მუსლიმთა წმინდა თვეს დაემთხვა.
ისრაელის დაზვერვის შეფასებით, ხამენეი მართლაც მსუბუქად არის დაჭრილი და საზოგადოებაში მისი არ გამოჩენის მიზეზი სწორედ ესაა.




























