დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან გამართული 12-დღიანი ომი შეაჯამა და ის “ისტორიულ გამარჯვებად” შეაფასა. “ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ” - თქვა მან.
მიმართვის ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი ბირთვული პროგრამის განახლებას შეეცდება, ისრაელი ისევ იმავე სიმტკიცითა და ძალით დაარტყამს მეტოქეს.
“ჩვენ გავანეიტრალეთ ორი ეგზისტენციალური საფრთხე - ირანის მიერ ბირთვული იარაღისა და 20,000-მდე ბალისტიკური რაკეტის შექმნის გეგმები” - განაცხადა მან.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართვაში ისაუბრა 12-დღიან ომში შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს როლზე. მან ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშისთვის. როგორც მან აღნიშნა, ისრაელს ტრამპისნაირი მეგობარი თეთრ სახლში არასდროს ჰყოლია.




























