ირანში ეკონომიკური ვითარება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. როგორც ირკვევა, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა და ღია ბაზარზე კურსმა $1-ზე 2 მილიონ რიალს უკვე გადააჭარბა. ქვეყანაში ოფიციალური ინფლაცია 80%-ს აჭარბებს, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და სურსათზე კი ფასები 120%-დან 180%-მდეა გაზრდილი.
პარალელურად, საწვავის მისაღებად ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგები გაჩნდა და იმპორტ-ექსპორტის პროცესები სერიოზულად შეფერხდა. აღსანიშნავია, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა შექმნილი ვითარების სირთულეზე საჯაროდ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული სანქციებისა და საზღვაო ვაჭრობის შეფერხების გამო, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა უკვე 35%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ თეირანის ფინანსური სისტემისთვის ყველაზე მწვავე დარტყმად აშშ-ის საზღვაო ბლოკადა იქცა. ამ შეზღუდვების შედეგად, ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტი მარტში დაფიქსირებული დღიური 2 მილიონი ბარელიდან აგვისტოში 220,000-255,000 ბარელამდე შემცირდა.
ცნობისთვის, წლების განმავლობაში თეირანი უცხოური ვალუტის შემოდინების უზრუნველსაყოფად „ჩრდილოვან ფლოტსა“ და შუამავლებს ეყრდნობოდა. ნედლი ნავთობის ძირითად ნაწილს კი ჩინეთი ყიდულობდა. თუმცა ვაშინგტონის მიერ საბანკო სექტორის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ ალტერნატიული სავაჭრო ქსელები, ბარტერული გარიგებები და ღია ზღვაში ტანკერებს შორის ტვირთის გადატვირთვის მექანიზმები პრაქტიკულად გააჩერა.
პარალელურად, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უმკაცრეს სანქციებს თეირანისთვის უცხოური ვალუტის მიმწოდებელ ყველა მხარეს დაუწესებს.
საყურადღებოა, რომ მზარდი ეკონომიკური წნეხის მიუხედავად, ანალიტიკოსები რეჟიმის სტაბილურობის დაუყოვნებლივ რღვევას გამორიცხავენ. The Jerusalem Post-თან საუბარში INSS-ის ექსპერტის, რაზ ციმტის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი შიმშილის შესახებ გავრცელებული ცნობები რეალობას არ ასახავს. ანალიტიკოსის შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ორ კვირაში დასტაბილურდა და ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის ნიშნები ჯერჯერობით არ შეინიშნება. აღსანიშნი ფაქტია ისიც, რომ თეირანი საპროტესტო ტალღის შესაძლო განახლებისთვის ემზადება და დემონსტრაციების დაწყების შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი ზომებით მოქმედებას აპირებს.
ისრაელელი ექსპერტის მტკიცებით, მხოლოდ ეკონომიკური სანქციები ირანს ამერიკულ მოთხოვნებზე დათანხმებას ვერ აიძულებს. მისი აზრით, მოლაპარაკებების წარმატებით დასასრულებლად თეირანს კომპრომისზე წასვლის სანაცვლოდ ღირსების შენარჩუნების საშუალება უნდა მიეცეს. ექსპერტის შეფასებით, თეთრი სახლი ირანის რეჟიმის სწრაფ კაპიტულაციასთან დაკავშირებულ ილუზიას არ უნდა დაეყრდნოს.




























