მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანის გზავნილი მარტივია: ვერავინ იჯდება პოპკორნით და ვერ უყურებს შორიდან, როგორ ვკვდები მე"|ინტერვიუ

ბაკო ხელაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკო ხელაძე ეჭვობს, რომ ირანში ომი 4-5 კვირაში დასრულდეს, როგორც ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივარაუდა. ამის შესახებ ბაკო ხელაძემ, რომელიც 2020-2022 წლებში, ირანში საქართველოს ყოფილი თანამშრომელი იყო, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა ირანში აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია იყო - კერძოდ, რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს საომარი მდგომარეობა და რა შეიძლება იყოს შედეგი.

საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის შეფასებით, ისრაელსა და რეგიონის ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის ბაზებია განთავსებული, საპასუხო დარტყმებით, ირანის ხელისუფლებას სურს, „ომი გლობალური გახადოს“ და აიძულოს არაბული ქვეყნები, ზეწოლა მოახდინონ ვაშინგტონზე ომის შესაჩერებლად.

"თეირანის გზავნილი მარტივია: ვერავინ ვერ იჯდება პოპკორნით და ვერ უყურებს შორიდან, როგორ ვკვდები მე, თქვენც ჩაგრთავთ - ეს უნდოდათ ირანელებს, ამიტომ დაარტყეს ირგვლივ სახელმწიფოებს“, - აცხადებს ბაკო ხელაძე.

ინტერვიუ ბაკო ხელაძესთან

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ირანში საომარი მდგომარეობა, რომელსაც აშშ და ისრაელი სამხედრო ოპერაციას უწოდებენ და რამდენად რეალურია ირანში რეჟიმის ცვლილება მივიღოთ?

- თავიდან დონალდ ტრამპი დაგვპირდა, რომ ყველაფერს ოთხ კვირაში დაასრულებდა. მისი მისია რეჟიმის "სიძლიერის არტერიების" გადაჭრასა და სტრატეგიული ობიექტების განადგურებაში მდგომარეობდა; მან ირანის მოსახლეობასაც მოუწოდა: თქვენ ამბობდით, რომ ძალაუფლების ხელში აღებაში კონკრეტული ინსტიტუციები გიშლიდათ ხელს; მე მათ გავანადგურებ, დანარჩენი კი თქვენ იცითო... ეს იყო საკმაოდ მკაფიო და მოკლევადიანი მიზანი, რაც განსხვავდება ბოლო 20 წლის ამერიკული სტრატეგიისგან - ვიეტნამიდან მოყოლებული, აშშ-ის არცერთი კონფლიქტი ოთხ კვირაში არ დასრულებულა, თუმცა ვენესუელის მაგალითმა აჩვენა, რომ მსგავსი შედეგი შესაძლებელია და გაჩნდა მოლოდინი, რომ ირანშიც იგივე განმეორდებოდა. დღეს კი, უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ გამოირიცხება სახმელეთო ოპერაციები. ირანის მასშტაბებისა და რთული რელიეფის მქონე ქვეყანაში სახმელეთო ინტერვენცია კი ნიშნავს იმას, რომ ოთხ-ხუთ კვირაში შედეგს ვერ მიაღწევ; შესაძლოა, ჯარს ერთი წერტილიდან მეორე კრიტიკულ ობიექტამდე გადაადგილებისთვის დასჭირდეს ეს პერიოდი. ამიტომ ვფიქრობ, ეს ომი იმაზე ბევრად დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე თავიდან ტრამპს ჰქონდა ჩაფიქრებული და ბევრად უფრო ძვირიც დაჯდება, ვიდრე მას წარმოედგინა.

- დონალდ ტრამპმა გუშინ Politico-სთან განაცხადა, რომ ირანს რაკეტების გამშვებები ელევა და ვაშინგტონი მზადაა, რეჟიმის გადარჩენილ წარმომადგენლებთან სასაუბროდ. რა შეიძლება იყოს აშშ-ის მაქსიმალური მიზანი ამ ეტაპზე და ასევე საინტერესოა, რა მიზანი აქვს ირანის საპასუხო დარტყმებს ისრაელსა და ამერიკის მოკავშირეების ბაზებზე?

- ირანელები გრანდიოზული მასშტაბის ხალხია, რაც მათ გადაწყვეტილებებშიც აისახება. რაციონალურად რომ მივუდგეთ, მეზობელ სახელმწიფოებზე დარტყმის მიზანი იყო გზავნილი: „ვერავინ ვერ იჯდება პოპკორნით ხელში და ვერ უყურებს შორიდან, როგორ ვკვდები მე“... ირანი ცდილობს, კონფლიქტი მაქსიმალურად გლობალური გახადოს.

- რას იგებს ამით - გათვლა აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთი ქვეყნების საშუალებით, აიძულებს აშშ-ს და ისრაელს სამხედრო ოპერაციის შეჩერებისკენ?

- დიახ, გარკვეულწილად ასეც ხდება. საუდის არაბეთმა, კატარმა და სხვებმა, პარალელურად პრეტენზიები წაუყენეს აშშ-ს. მათი არგუმენტია: „ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ. გამოდის, რომ მხოლოდ ისრაელის ინტერესებს ითვალისწინებ და არა ჩვენსას - ქვეყნების, რომლებიც ნავთობს დოლარში ვყიდით და რის ხარჯზეც შენი ეკონომიკა 1973 წლიდან სარფიანად ხეირობს“... ეს საკმაოდ ლეგიტიმური პრეტენზიაა. ჯერჯერობით, ირანი რამდენიმე მეზობელს არ ეხება. პაკისტანის მიმართ ნეიტრალურ, შეიძლება ითქვას, ირანისკენ გადახრილ პოზიციას ინარჩუნებს. ავღანეთი ახლა არაფერში სჭირდება... ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ვითარება სამხრეთ კავკასიაში. ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დაძაბულია. ირანის პარლამენტის ტრიბუნიდანაც კი გაჟღერდა მუქარები. თეირანი ამტკიცებს, რომ აქვს საბუთები, თითქოს ისრაელის დრონები აზერბაიჯანის მხრიდან შემოდიოდნენ. თითქმის 10 წელია ირანელები ამბობენ, რომ აზერბაიჯანში, კერძოდ სითალჩაიში, ყოფილ საბჭოთა ბაზაზე, მოსადისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურაა განთავსებული. მათთვის ეს „წითელი ხაზია“. ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგებიც გაკვირვებულები არიან, რომ ირანმა დარტყმები ჯერ კიდევ არ მიიტანა [აზერბაიჯანთან]. ეს საქართველოსაც ეხება; ირანულ-აზერბაიჯანულ პლატფორმაზე (Araznews) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში განიხილავენ აზერბაიჯანის ობიექტებზე დარტყმის საკითხს. მათ შორის ნახსენები იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიც. ამას პანიკისთვის არ ვამბობ, თუმცა ამ საფრთხეში არის გარკვეული ლოგიკა, რაზედაც სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ.

- რადგან სამხრეთ კავკასია ახსენეთ, ყველამ ვნახეთ „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე. თქვენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, რა ამოიკითხეთ ამ განცხადებაში და ზოგადად, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება ამ სიტუაციაში?

- ალბათ, თავად განცხადება, ცალკე აღებული, საკმაოდ ლოგიკური იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც საქართველო იმყოფება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ჩაიკეტოს ან დამოუკიდებლად გაუმკლავდეს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ირანიდან წამოვიდეს. დავინახეთ, რომ ირანის უშუალო მეზობლებიც კი არ არიან უსაფრთხოდ, ამიტომ საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ამ ან სხვა ნებისმიერ კონფლიქტში მხარედ იქცეს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ეს შევძლოთ. გამიხარდებოდა, სხვანაირად რომ იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია.

- ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, ვგულისხმობ აშშ-ს, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ქვეყნებს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაზიანებულია...

- დიახ, ვინმეს იმედიც არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ძალიან სუსტ და მყიფე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რაც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების კეთების საშუალებას არ გვაძლევს... ზოგადად, ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, თითქოს საქართველო ირანს უახლოვდება. საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად გარკვეული დაახლოებისა, ვიზიტები ისეთ დონეზე იმართებოდა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა. ადრე საქართველო ნებისმიერ ცერემონიალურ ღონისძიებაზე - იქნებოდა ეს პრეზიდენტის ინაუგურაცია თუ დაკრძალვა - წარმოდგენილი იყო შედარებით დაბალი რანგის ფიგურით, მაგალითად, მინისტრის მოადგილის დონეზე. ეს, ერთი მხრივ, იყო მესიჯი ირანელებისთვის, რომ ჩვენ მათ პატივს ვცემთ და რაღაცებს ვითვალისწინებთ, მაგრამ ამავდროულად, პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ირანელები ამას გაგებით ეკიდებოდნენ და ეს იყო ერთგვარი „ცივი“, მაგრამ ჯენტლმენური შეთანხმება. თავის მხრივ, ირანელები არასოდეს არღვევდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ყოველთვის აღიარებდნენ ჩვენს საზღვრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სტრატეგიული მოკავშირე (რუსეთი) ჩვენთვის ოკუპანტია, ეს საკითხი რაღაცნაირად დაბალანსებული ჰქონდათ.

- რას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი 2024 წელს თეირანში, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად?

- ზუსტად ამ საკითხამდე მივდიოდი... თემა ის არის, რომ თითქოს ყველაფერი დალაგებული იყო, მაგრამ უცებ ურთიერთობის დონე ისე აიწია, რომ თავად ირანელები მეკითხებოდნენ - ვერ გაიგეს, რა ხდებოდა.

- ვერ გაიგეს, რატომ ჩავიდა ირაკლი კობახიძე ირანში?

- დიახ, ვერ მიხვდნენ, რადგან საქართველოს მხრიდან მსგავსი ჟესტი - ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ჩასვლა ცერემონიალზე, მანამდე არასდროს მომხდარა. ხაზს ვუსვამ, სწორედ ცერემონიალზე, თორემ სამუშაო დელეგაციები ყოველთვის დადიოდნენ.

- თქვენ რა უთხარით ამ ფაქტით გაკვირვებულ ირანელებს?

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც მე ვიცი, რა შეიცვალა. ძალიან რთული სათქმელია. ერთი მხრივ, გვისაყვედურებენ, რომ ირანთან ურთიერთობებს ვავითარებთ, მაგრამ ირანელებიც გვეუბნებიან: თქვენი ურთიერთობები ისრაელთან ძალიან კარგად მიდის და პარალელურად მათ უახლოვდებითო... თუ გახსოვთ, მაგალითად, შარშან ისრაელის უშიშროების მინისტრი იყო საქართველოში ჩამოსული, შემდეგ ჩვენგან ჩავიდა დელეგაცია შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენი ეს ძალოვნების კონტაქტები ისრაელთან ირანელებისთვის პირდაპირ „ჭრილობაზე მარილის დაყრასავით“ იყო და ამაზე ძალიან ბრაზდებოდნენ. ამდენად, ცალსახად ვერაფერს იტყვი - ჩვენ აქეთაც ვთამაშობთ და იქითაც. საბოლოო ჯამში კი ისე გამოდის, რომ საყვედურები ორივე მხრიდან ისმის. მგონი, დღეს ისრაელშიც ვერ ხვდებიან ბოლომდე რაღაცებს და ირანშიც... საკმაოდ დიდი დაბნეულობაა.

- ისევ ირანში მიმდინარე საომარ ოპერაციებს რომ დავუბრუნდეთ - თქვენი მოლოდინია, რომ სამხედრო ოპერაცია 4-5 კვირაში ვერ დასრულდება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის რეალური მაქსიმუმი?

- ალბათ, ყველაზე ლოგიკური და რეალური მაქსიმუმი იქნებოდა ის, რომ სისტემის შიგნით მოიძებნოს გავლენიანი პირი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და ისრაელსა და ამერიკას კონკრეტულ პირობებზე მოელაპარაკება. ეს გულისხმობს ისრაელის აღიარებას, მის განადგურებაზე უარის თქმას, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის საკითხების წარსულისთვის ჩაბარებას და ქვეყნის სხვა რელსებზე გადაყვანას; თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისლამური პრინციპებიც. თუ მეინსტრიმულ მედიას დავუჯერებთ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ირანული საზოგადოება სრულიად ანტიისლამურია და რელიგიის დანახვაც არ უნდა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სისტემის მომხრეა. მათთვისაც კი, ვინც ისლამურ რესპუბლიკას უპირისპირდება, ისლამი, როგორც რელიგია და ცხოვრების წესის ჩარჩო, ყოველდღიურობაში მაინც მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ ერთი ხელის მოსმით დღევანდელი ირანის სრულიად „წაიშლება“ და უცებ გადაიქცევა რაღაც „ბრჭყვიალა სახელმწიფოდ... ასე არ გამოვა. ირანული საზოგადოება ბევრად უფრო რთულია. შაჰის პერიოდის საზოგადოებაზეც ამბობდნენ, რომ ძალიან თანამედროვე იყო, მაგრამ რეალურად პირიქით აღმოჩნდა - სწორედ კონსერვატიზმმა და ანტიმოდერნიზმმა გამოიწვია მაშინ რევოლუცია. მოკლედ, ძალიან მეეჭვება, რომ 4-5 კვირაში ეს პროცესი [საომარი მოქმედებები] დასრულდეს, რა თქმა უნდა, თუ არ განხორციელდა ის სცენარი, რომელზედაც ვისაუბრე - მოლაპარაკებისუნარიანი პირის გამოჩენა... ჩემი დაკვირვებით, კულუარული კონტაქტები მაინც არსებობს და ასეთი კანდიდატიც გამოკვეთილია. თავის დროზე ის აიათოლა ხამენეიმაც კი მონიშნა.

- ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ ალი ლარიჯანს გულისხმობთ?

- დიახ, ლარიჯანს... ამის შანსი არსებობს და სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობაც გამოჩნდება. ალი ლარიჯანი მნიშვნელოვნად განსხვავდება ხამენეისგან, რომელიც ბოლომდე, სწორხაზოვნად სჯეროდა იმ ღირებულებების, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც.

- ვნახოთ... თან დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ მზად არის, ირანის რეჟიმის გადარჩენილ ლიდერებთან სასაუბროდ...

- ეს ძალიან საინტერესოა. მოსადიც ბოლო დღეებია იუმორისტულ პოსტებს აქვეყნებს. მაგალითად, ერთ-ერთ გენერალზე, ყაანზე თქვეს - ჩვენი აგენტი იყო, ახლა უსაფრთხოდ და კარგად არისო. ლარიჯანიზეც, როცა ხამენეიმ მას ომის პერიოდში ქვეყნის მართვა დააკისრა, მოსადმა დაწერა - ჩვენს სიაში ლარიჯანი ძალიან დაწინაურდაო. რეალურად, როცა ამ „თავებზე ნადირობა“ დაიწყო, ბევრი გადაწყვეტილების მიმღები პირი მართლაც მოკლეს, მაგრამ ლარიჯანი კვლავ თავის ადგილზეა, ინტერვიუებს აძლევს და არ იმალება... ეს გვაფიქრებინებს, რომ მისი ლიკვიდაცია არავის სურს და გარკვეული კონტაქტები ნამდვილად არსებობს.

- რას დავუსვათ წერტილი ირანში? ძირითადად, ამ კითხვას საქართველოსთან მიმართებით ვსვამ...

- რაღაცით ვგავართ კიდეც ერთმანეთს... ვფიქრობ, [ორივე ქვეყნის] უმთავრესი პრობლემა პოლარიზაციაა. უბრალოდ, ჩვენთან ეს პროცესი ბევრად მსუბუქ ფორმებშია, ირანში კი, უკიდურესად - მძიმეში. საზოგადოება ისეა გახლეჩილი სისტემის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რომ თუ სიტუაცია საერთაშორისო დონეზე არ დალაგდა, ხვალ შეიძლება ერთმანეთს დაუწყონ სროლა. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება თუ პოლარიზაციას დაესმევა წერტილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები