საქართველოში ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 12,800-ს აჭარბებს - ეს მონაცემები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობისა და მათი ეკონომიკური აქტივობის მიმოხილვის ფარგლებში გააანალიზა. ცენტრის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 510%-ით გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ირანული ინვესტიციების მოცულობის შესაბამისი ზრდა არ დაფიქსირებულა.
„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ - აცხადებს ორგანიზაცია.
EPRC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემებით, 2025–2026 წლებისთვის საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიების რაოდენობამ 12,800-ს გადააჭარბა. ამასთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანული ინვესტიციები ბოლო წლებში ძირითადად რამდენიმე მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
„2013 წლიდან 2024 წლამდე ჯამურად ირანულმა ინვესტიციებმა 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა პერიოდთან შედარებით ზრდა იყო, თუმცა ერთ კომპანიაზე გათვლით საკმაოდ მცირე თანხას შეადგენდა“, - აღნიშნავს EPRC.
2024 წელს ირანიდან საქართველოში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი იყო და -0.65 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, მაჩვენებელი დაახლოებით 0.4 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, ირანის წილი საქართველოს მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ოფიციალური სტატისტიკით უმნიშვნელო რჩება.
EPRC-ის შეფასებით, სწორედ კომპანიების რაოდენობისა და ინვესტიციების მოცულობას შორის არსებული განსხვავება აჩენს კითხვებს.
„სტატისტიკა აჩენს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ინვესტიციების და, ზოგადად, ოფიციალური ფინანსური შემოდინებების მოცულობა?“ - აცხადებს ორგანიზაცია.




























