ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ძვირად ღირებული ბრენდების კაპიტალიზაცია შემცირდა. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული დარტყმა Kering-მა და Hermes-მა მიიღეს.
მათი აქციების ვარდნა იმ უარყოფითი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამ განაპირობა, რომელზეც ყველაზე დიდი გავლენა სწორედ აშშ-ისრაელ-ირანის ომმა იქონია.
კერძოდ, Kering-ის შემოსავალმა ბოლო სამ თვეში მხოლოდ 3.57 მილიარდი ევრო შეადგინა და ანალიტიკოსების მოლოდინებს საგრძნობლად ჩამორჩა. იგივე მოცემულობის წინაშე დადგა Hermes-იც რომელმაც მხოლოდ 4.1 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.
როგორც Kering-ში აცხადებენ, ფინანსურ შედეგებზე ყველაზე უარყოფითად მთავარი ბრენდის, Gucci-ს გაყიდვების 8%-იანმა ვარდნამ იმოქმედა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯამურად ახლო აღმოსავლეთში Kering-ის საცალო შემოსავლები 11%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა კომპანია Hermes-შიც, რომლის საბითუმო ვაჭრობა აეროპორტებსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა.
სუსტი კვარტალური შედეგების ფონზე სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ Hermes-ის აქციები 14%-ით დაეცა, ხოლო Kering-ის კაპიტალიზაცია 10%-ით შემცირდა. აღნიშნულმა ვარდნამ Stoxx 600-ის სხვა ძვირად ღირებულ ბრენდებზეც უარყოფითი გავლენა იქონია და LVMH-ის, Christian Dior-ისა და Burberry-ის აქციები, საშუალოდ, 2.5%-ით დაეცა. ინვესტორების ყურადღება ახლა Kering-ის დაგეგმილ ღონისძიებაზეა მიმართული, სადაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ომის ფონზე ახალ სტრატეგიულ გეგმას წარადგენს.




























