მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ომში აშშ-ის დანახარჯები $29 მილიარდამდე გაიზარდა

pentagon

პენტაგონმა ირანთან ომის ახალი ფასი დაასახელა და განაცხადა, რომ ის შეერთებულ შტატებს უკვე 29 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

დეპარტამენტის მაკონტროლებელმა ჯულს ჰერსტმა ახალი ჯამური თანხა სენატის კომიტეტის მოსმენაზე გაასაჯაროვა, რომელსაც პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეტიც ესწრებოდა.

ეს მაჩვენებელი აღემატება იმ 25 მილიარდს, რომელიც ჰერსტმა აპრილის ბოლოს კონგრესის წევრებს წარუდგინა - მაშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონფლიქტის ოფიციალური ფასი პირველად დაასახელა.

თუმცა, რამდენიმე ექსპერტმა ეჭვქვეშ დააყენა პენტაგონის მონაცემები და განაცხადა, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელებისთვის რეალური ხარჯი სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საჯაროდ დასახელებული შეფასებები.

ჰერსტმა გაჟღერებულ თანხასა და ადრინდელ შეფასებას შორის სხვაობა "აღჭურვილობის შეკეთებისა და ჩანაცვლების განახლებული ხარჯებით" და "ზოგადი საოპერაციო ხარჯებით" ახსნა.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი 28 თებერვალს დაიწყეს, თუმცა 8 აპრილიდან მოყოლებული, მცირედი გამწვავებების გარდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ბრძოლები ძირითადად შეაჩერა.

ადმინისტრაციას ჯერ არ წარმოუდგენია ნათელი სურათი იმ ზიანის შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აშშ-ის სამხედრო ობიექტებს მიადგა. ასევე არ გასაჯაროებულა, რეალურად რა მასშტაბით იმოქმედა საბრძოლო მოქმედებებმა აშშ-ის საბრძოლო მასალების მარაგზე.

ზოგიერთი კანონმდებლის მტკიცებით, დასახელებული ფასი არ ითვალისწინებს აშშ-ის ეკონომიკაზე ჯაჭვურ ეფექტებს, მათ შორის მომხმარებლებისთვის გაზრდილ ფასებს, რაც ნაწილობრივ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვითაა გამოწვეული.

აპრილში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რო ხანამ განაცხადა, რომ გაზრდილი საწვავისა და სურსათის ფასების გათვალისწინებით, ომი აშშ-ის ეკონომიკას დაახლოებით 631 მილიარდი დოლარი - ანუ თითოეულ ოჯახს დაახლოებით 5 000 დოლარი დაუჯდებოდა.

ჰარვარდის წამყვანი ეკონომისტი ლინდა ბილმესი კი პროგნოზირებს, რომ ომის მთლიანმა ხარჯმა შეიძლება 1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) აპრილის ანალიზმა აჩვენა, რომ ომის დროს აშშ-მა თავისი ყველაზე ძვირად ღირებული რაკეტები დიდი რაოდენობით გამოიყენა. ეს მოიცავს მაღალი სიზუსტის დამრტყმელი რაკეტების (Precision Strike Missiles) მარაგის დაახლოებით 45%-ს და THAAD-ის ჩამჭრელებისა და Patriot-ის ბალისტიკური ჩამჭრელი რაკეტების მარაგის დაახლოებით ნახევარს.

პენტაგონის ხელმძღვანელს ომთან დაკავშირებით აშშ-ის გრძელვადიან გეგმებზე ბევრი არაფერი უთქვამს. ჰეგსეტმა განაცხადა, რომ არსებობს გეგმები როგორც ბრძოლების განახლების, ისე დეესკალაციის მიმართულებით.

გაურკვეველი რჩება, მართლაც ექნება თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას პოლიტიკური ნება, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული გაჭიანურებული დაპირისპირების ფონზე ბრძოლა განაახლოს.

ომი - და მისი ეკონომიკური შედეგები - აშშ-ში არაპოპულარული აღმოჩნდა, რაც რესპუბლიკელებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში საფრთხეს უქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები