მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის პრეზიდენტი მეზობელ ქვეყნებს საჰაერო დარტყმებისთვის ბოდიშს უხდის

ირანი

შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების გამო, ბოდიში მოუხადა.

"დროებითმა მმართველმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანი აღარ დაესხმება თავს მეზობელ ქვეყნებს და აღარ გაუშვებს რაკეტებს, თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმა სწორედ ამ ქვეყნებიდან არ განხორციელდება.

მე პირადად ვიხდი ბოდიშს იმ მეზობელი ქვეყნების წინაშე, რომლებიც ირანის მხრიდან თავდასხმის სამიზნეები გახდნენ.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც ჩვენი მეთაურები და ლიდერი დაიღუპნენ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა - მეთაურების არყოფნის პირობებში - საკუთარი ინიციატივით განახორციელეს ყველა ის ქმედება, რაც საჭიროდ მიიჩნიეს", - დასძინა მან.

პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის დასრულების შემდეგ დუბაის აეროპორტში ირანული დრონი ჩამოვარდა, რასაც აეროპორტის დროებითი შეფერხება მოჰყვა. ამ დროისთვის, ფრენები აღდგენილია.

ირანის "რევოლუციური გვარდია", რომელიც საომარ მოქმედებებში წამყვან როლს ასრულებს, მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. თუმცა, 28 თებერვალს, ომის დასაწყისში, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციამ ჯარში გამოიწვია ის, რასაც ფეზეშქიანმა "კომუნიკაციის დარღვევა" უწოდა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ირანის განმეორებითმა საჰაერო დარტყმებმა ბრაზი გამოიწვია. თეირანი ირწმუნება, რომ მათი სამიზნე აშშ-ის სამხედრო ობიექტები იყო, თუმცა ზოგიერთმა იერიშმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანა და რეგიონის აეროპორტების ნაწილის დახურვა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები