შაბათს, ირანმა შეასრულა მუქარა და ისრაელის მიმართულებით, სხვადასხვა ლოკაციებიდან 400-ზე მეტი შაჰედის ტიპის სამხედრო დრონი და ათეულობით ბალისტიკური რაკეტა აფრინა. ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, ავიაციის, ასევე აშშ-ისა, ბრიტანეთის ავიაციისა და იორდანიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დახმარებით, გაშვებული დრონებისა და რაკეტების 99%-ის დაჭერა და განეიტრალება მოხერხდა - სამიზნეების გასანეიტრალებლად Arrow ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა გამოიყენეს, რომლის ეფექტიანად მუშაობის დამსახურებით, დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების უმეტესობა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ, იორდანიის, სირიისა და ერაყის საჰაერო სივრცეებში განადგურდა.