მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ირანის თავდასხმებმა ქვეყნის LNG სიმძლავრეების 17% მინიმუმ სამი წლით მწყობრიდან გამოიყვანა” - QatarEnergy-ის ხელმძღვანელი

Qatar Energy

კატარის ენერგეტიკის მინისტრმა და QatarEnergy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საად ალ-ქაბიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ქვეყნის თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო პოტენციალი 17%-ით შემცირდა.

მისი ინფორმაციით, წინასწარი გათვლებით, ინფრასტრუქტურის აღდგენას სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რაც ყოველწლიურად 20 მილიარდი დოლარის ზარალს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ თეირანის სარაკეტო დარტყმებმა ევროპისა და აზიის ბაზრებზე ენერგოპროდუქტების მიწოდებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სახელმწიფო კომპანია იძულებულია, იტალიასთან, ბელგიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტებზე ფორსმაჟორი გამოაცხადოს.

როგორც ირკვევა, დაზიანებულია 14 ტექნოლოგიური ხაზიდან ორი, ასევე მეთანის თხევად საწვავად გადამმუშავებელი ერთ-ერთი ობიექტი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტებში კატარის პარტნიორები ამერიკული ExxonMobil-ი და ბრიტანული Shell-ი არიან; კერძოდ, ExxonMobil-ი S4 ხაზის 34%-იან და S6 ხაზის 30%-იან წილებს ფლობს. ალ-ქაბის განცხადებით, სანამ რეგიონში საომარი მოქმედებები არ შეწყდება, აღდგენითი სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. პარალელურად, შეჩერებულია ჩრდილოეთის საბადოს მასშტაბური გაფართოების პროექტიც, რომლის მშენებლობაც, სავარაუდოდ, ერთ წელზე მეტი ხნით დაგვიანდება.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ კრიზისი მხოლოდ ბუნებრივ აირს არ შეხებია - ქვეყანაში კონდენსატის ექსპორტი 24%-ით, ხოლო თხევადი ნავთობის აირის (LPG) მიწოდება 13%-ით შემცირდება. ანალიტიკოსების შეფასებით, საექსპორტო ჯაჭვის წყვეტა ინდოეთის სარესტორნო სექტორსა და სამხრეთ კორეის მიკროჩიპების მწარმოებელ ქარხნებზე პირდაპირ აისახება. იმ სექტორებზე, რომლებიც კატარულ ჰელიუმზე არიან დამოკიდებულნი. შეგახსენებთ, რომ თეირანმა სპარსეთის ყურის ენერგოობიექტებზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ისრაელმა ირანის გაზის ინფრასტრუქტურას დაარტყა. აქვე უნდა ითქვას, რომ დაზიანებული დანადგარების მშენებლობა თავის დროზე დაახლოებით 26 მილიარდი დოლარი დაჯდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები