მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა EU-ს ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა

ირანი

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფის განცხადებით, თეირანი იმ ევროპული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, თავად მიიჩნევს ტერორისტულ დაჯგუფებებად.

ამის შესახებ ყალიბაფმა დღეს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, მხარდაჭერის ნიშნად, „გუშაგთა კორპუსის“ ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.

ევროპარლამენტმა გასულ ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროკავშირს, IRGC ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანოს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე სისხლიან დარბევებს, რაც ქვეყანაში დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

ყალიბაფის თქმით, ევროპამ ეს გადაწყვეტილება „ამერიკელების ბრმა მორჩილებით“ მიიღო და ამით საკუთარ ინტერესებს ავნო. სპიკერმა მიუთითა კონტრზომების შესახებ კანონის მე-7 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ევროპული ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ სუბიექტებად ჩაითვლებიან.

პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისია იმსჯელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების გაძევებაზე და აღნიშნულ საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გაუწევს მონიტორინგს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სასულიერო მმართველობის სისტემის დასაცავად. ორგანიზაციას უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და შეიარაღებულ ძალებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები