ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის შემდეგ ჰორმუზის სრუტის მართვა ომამდელ მოდელს აღარ დაუბრუნდება.
Al Jazeera-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სტრატეგიული საზღვაო გზის მონიტორინგსა და მართვაზე თეირანმა და ომანმა ურთიერთგაგებას უკვე მიაღწიეს. ღალიბაფის განმარტებით, სრუტის რეგულირება სანაპირო სახელმწიფოების იურისდიქციაში შედის და ნაოსნობის წესები სწორედ ირანმა და ომანმა უნდა განსაზღვრონ.
ირანის პარლამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ სრუტის მართვის ახალი მექანიზმი ომის შემდგომი ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. მისივე თქმით, ომის დასასრულებლად თეირანმა ვაშინგტონს შვიდპუნქტიანი წინადადება უკვე გაუგზავნა და აშშ-ის პასუხს კატარის შუამავლობით ელოდება.
ინიციატივა აშშ-ის საზღვაო ბლოკადისა და სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, ყველა ფრონტზე საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ომის ოფიციალურად დასრულების გამოცხადებას ითვალისწინებს.
ღალიბაფმა აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თეირანი შეთანხმების მისაღწევად მზად არის. თუმცა, მისივე შეფასებით, მოლაპარაკებების პროცესში მთავარი დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის არსებული უნდობლობაა.























