ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში პანამის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობმზიდ On Peace-ზე უცნობი ჭურვის დაცემის შედეგად ეკიპაჟის 12 წევრი დაშავდა. როგორც ირკვევა, დაშავებულთაგან 11 პირი ინდოეთის მოქალაქეა. ხომალდის ბორტზე ჯამურად 19 ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობები დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომაც გაავრცელა და განმარტა, რომ თავდასხმამ ხომალდის ძრავის განყოფილებაში ხანძარი გამოიწვია.
როგორც მედია წერს, ომანის ხელისუფლების დახმარებით დაშავებული მეზღვაურების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ეკიპაჟის წევრები ქალაქ ხასაბის სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადიან.
ცნობისთვის, ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემებით, Aframax-ის ტიპის ეს ნავთობმზიდი ბოლოს 26 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯეირას პორტში დააფიქსირეს. იმ პერიოდში ტანკერს მონაცემთა გადამცემი გამორთული ჰქონდა და საწვავს ცლიდა.
























