მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა იერიშების 90%-ზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა - საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, რემ ალ ჰაშიმიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის პირველ 40 დღეში ქვეყნის მიმართულებით 2,800-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვეს. მისივე თქმით, განხორციელებული იერიშების სამიზნე 90%-ზე მეტ შემთხვევაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მინისტრმა ABC-ის ეთერში აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებით თეირანი მიზნად საამიროების კეთილდღეობის განადგურებას ისახავს.

მედიასთან ჰაშიმმა განმარტა, რომ თუ საამიროებმა ნავთობის რესურსი წლების განმავლობაში ეკონომიკური სიძლიერის შესაქმნელად გამოიყენა, ირანმა საკუთარი ენერგეტიკული მარაგები ბირთვულ პროგრამებს, რაკეტებსა და მარიონეტულ დაჯგუფებებს დაახარჯა. მინისტრმა დასძინა, რომ ირანი დღეს გლობალური იზოლაციის პირობებში მყოფი სახელმწიფოა, რომელმაც საამიროების მედეგობა სათანადოდ ვერ შეაფასა. ცნობისთვის, აბუ-დაბის პოზიცია კონფლიქტის მიმართ მას შემდეგ შეიცვალა, რაც რეგიონული ომის მასშტაბები გაფართოვდა და ირანმა არამხოლოდ საამიროებში მდებარე ამერიკულ ბაზებს, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც გაუხსნა ცეცხლი.

საამიროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში თეირანზე მაქსიმალური ზეწოლა აუცილებელია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობაზე იერიშების გარეშე უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო. კონფლიქტის ესკალაციამ გავლენა მალევე იქონია სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები