ამერიკელი მარეგულირებელი ორგანოები ნავთობის ფიუჩერსებით განხორციელებულ რამდენიმე საეჭვო გარიგებას სწავლობენ. საუბარია ტრანზაქციებზე, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ მოულოდნელ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა.
როგორც ირკვევა, გამოძიებას სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია ხელმძღვანელობს. უწყება CME Group-ისა და Intercontinental Exchange-ის სავაჭრო პლატფორმებზე არსებულ აქტივობებს აკვირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, რეგულატორებმა ბირჟებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უკვე მოსთხოვეს. გამოძიება ორი კვირის განმავლობაში დაფიქსირებულ ორ კონკრეტულ შემთხვევას სწავლობს, როდესაც ვაჭრობის მოცულობა ტრამპის მიერ პოსტის გამოქვეყნებამდე მცირე პერიოდით ადრე მკვეთრად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი საეჭვო აქტივობა 23 მარტს დაფიქსირდა, როდესაც S&P 500-ის ინდექსისა და ნავთობის ფიუჩერსებზე ვაჭრობის მოცულობა წინასასესიო პერიოდში მოულოდნელად გაიზარდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეგახსენებთ, მაშინ პრეზიდენტმა ირანულ ენერგოობიექტებზე დაგეგმილი იერიშების შეჩერება გამოაცხადა და ცეცხლის შეწყვეტა დაანონსა. როგორც ცნობილია, ამ ინფორმაციამ ბაზრებზე მყისიერი რეაქცია გამოიწვია. მაშინ S&P 500-ის ფიუჩერსები 2.5%-ით გაიზარდა, ხოლო ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა.
სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ და ICE-მ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თავის მხრივ, CME Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაზრის გამჭვირვალობა მათთვის პრიორიტეტულია, ამიტომ აუცილებლად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ გამოძიება ისეთ პლატფორმებსაც უნდა შეეხოს, როგორებიცაა Polymarket-ი და Kalshi.
აღსანიშნავია, რომ კომისიას გამოძიების დაწყებისკენ ჯერ გასულ კვირას სენატორებმა, ელიზაბეთ უორენმა და შელდონ უაითჰაუსმა მოუწოდეს. კანონმდებლები ეჭვობდნენ, რომ კონკრეტულმა პირებმა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომა კანონდარღვევით მიიღეს და მათ ეს ცნობები ფინანსური მოგების მისაღებად გამოიყენეს.




























