აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ძალების დარჩენას აანონსებს. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ჯარი პოზიციებს "ნამდვილი შეთანხმების" სრულ შესრულებამდე არ დატოვებს. პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს, რომ ნებისმიერ დარღვევას უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო პასუხი მოჰყვება. ტრამპმა Truth Social-ზე აღნიშნა, რომ ამერიკული არმია "ახალი დაპყრობებისთვის მზადყოფნას ინარჩუნებს".
აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ვაშინგტონსა და თეირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეული ორკვირიანი ზავის ფონზე გავრცელდა. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა ისრაელი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მათ მოუწოდა, შეწყვიტონ თავდასხმა ლიბანზე.
როგორც ცნობილია, ამერიკული და ირანული მხარეები ერთმანეთს პარასკევს ისლამაბადში უნდა შეხვდნენ, თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაციამ შესაძლოა მოლაპარაკებების რაუნდის ჩაშლა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, თავდაპირველი ზავით ირანმა პასუხისმგებლობა აიღო, რომ ცეცხლს აღარ გაუხსნიდან აშშ-ის მოკავშირეებსა და ისრაელს, სანაცვლოდ კი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა. თავის მხრივ, საომარ მოქმედებებს შეაჩერებდნენ აშშ და ისრაელიც, თუმცა, როგორც ირკვევა, მხარეები ვერ თანხმდებიან, უნდა შეეხოს თუ არა ეს ზავი ლიბანს, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლაა წარმოდგენილი.
ამერიკული მხარის მთავარმა მომლაპარაკებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ჰეზბოლას გამო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლა "უაზრო" ნაბიჯი იქნება. თეირანში კი მიიჩნევენ, რომ ზავი მთელ რეგიონზე, მათ შორის მათ მოკავშირეებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
შეხსენებისთვის, გუშინ ისრაელმა ჰეზბოლას პოზიციებზე მიმდინარე ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანა. დარტყმებს 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 800-ზე მეტი კი დაშავდა.




























