ირანის სახელმწიფო მედიამ ქვეყნის მე-2 უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის განრიგი ოფიციალურად გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, მასშტაბური სამგლოვიარო პროცესია თეირანში 4 ივლისს დაიწყება. რელიგიური რიტუალები 7 ივლისს, წმინდა ქალაქ ყუმში გაგრძელდება. ყოფილი ლიდერის ცხედარს კი მშობლიურ ქალაქ მაშჰადში 9 ივლისს დაკრძალავენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისლამური კანონმდებლობა მიცვალებულის გარდაცვალებიდან მალევე დაკრძალვას მოითხოვს, თუმცა საომარი ვითარების შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს გამონაკლისი წესი მოქმედებდა დღემდე ალი ხამენეის შემთხვევაშიც, რადგან ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი ისრაელურმა საჰაერო ძალებმა ომის დაწყების პირველივე დღეს, 28 თებერვალს, საკუთარ ბუნკერში ააფეთქეს.
შეგახსენებთ, ისრალური გამანადგურებლების მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ აიათოლას თეირანის ცენტრში მდებარე რეზიდენცია სრულად გაანადგურა. ამასთან, თავდასხმის დროს ლიდერის 56 წლის ვაჟი, მოჯტაბაც მძიმედ დაშავდა, თუმცა საბოლოოდ გადარჩა და ქვეყნის რიგით მე-3 უზენაესი ლიდერი გახდა. რაც შეეხება ოჯახის სხვა წევრებს, დაბომბვას ემსხვერპლა აიათოლა ალი ხამენეის მეუღლეც.
ცნობისთვის, 86 წლის სასულიერო პირი ისლამურ რესპუბლიკას 36 წლის განმავლობაში მართავდა. მისი მმართველობის პერიოდში ირანი ანტიამერიკულ ძალად ჩამოყალიბდა და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გავლენა სხვადასხვა დაჯგუფების დახმარებით გააფართოვა. ამავდროულად, ლიდერი აშშ-ის მუდმივ კრიტიკოსად რჩებოდა და ქვეყნის შიგნით არსებულ პროტესტს სისხლში ახშობდა.
უფრო ვრცლად, აიათოლა ალი ხამენეის პიროვნების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ აქ.




























