მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ომის დაწყების შემდეგ ჩინეთში 11.7 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანა

ირანული ნავთობი ჩინეთს

ირანი, მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის პარალიზების მიუხედავად, ჩინეთისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას აქტიურად აგრძელებს. TankerTrackers-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან დღემდე, სრუტის გავლით ქვეყანამ ჩინეთის მიმართულებით სულ მცირე 11.7 მილიონი ბარელი ნავთობი გაგზავნა.

ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით ირკვევა, რომ ტანკერების უმეტესობა გადაადგილებისას სათვალთვალო სისტემებს თიშავს, რათა შეუმჩნევლად გაიაროს პრობლემური მონაკვეთები. აღსანიშნავია, რომ მათი და მათი მარშრუტების იდენტიფიცირება TankerTracker-მა სატელიტური გამოსახულებებით მოახერხა.

TankerTracker-ის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ირანმა ნავთობის ბაზრისთვის მისაწოდებლად ალტერნატიული გზების გამოყენება დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ჯასკის ტერმინალი, რომელიც ომანის ყურეში, ჰორმუზის სამხრეთით მდებარეობს და გადაადგილებისთვის ნაკლებად სახიფათოა. შეგახსენებთ, ეს პორტი ირანის ერთადერთი საზღვაო გასასვლელია, რომელიც სრუტეს გვერდს უვლის, თუმცა მისი სუსტი მხარე ის არის, რომ მისი ლოგისტიკური ეფექტურობა დაბალია. მაგალითად, სუპერტანკერის შევსებას ჯასკის ტერმინალში 10 დღე სჭირდება, მაშინ როდესაც ხარგის კუნძულზე ამისთვის მხოლოდ ორი დღეა საკმარისი.

შეგახსენებთ, სტრატეგიულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: ომის დაწყებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, თეირანი ათ უცხოურ გემს დაესხა თავს, რასაც შვიდი მეზღვაურის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ირანის საგარეო უწყების გაფრთხილებების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტანკერების მფლობელებს, „სიმამაცის გამოჩენისკენ“ მაინც მოუწოდებს და ურჩევს, "არ აჰყვნენ შიშს და გაიარონ დერეფანი". ტრამპის განცხადებით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად განადგურებულია და გემებს საშიშროება არ ემუქრებათ. თუმცა მის ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს ფაქტი, რომ თუნდაც დღეს, სატვირთო ხომალდს სრუტის გავლისას ჭურვი მოხვდა და ეკიპაჟს გემის დატოვება მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, რომელიც ირანული ნავთობის მთავარი მყიდველია, ენერგეტიკული შოკის შესამსუბუქებლად რეზერვების ინტენსიურ დაგროვებას აგრძელებს. წლის პირველ ორ თვეში პეკინმა ნავთობის იმპორტი 15.8%-ით გაზარდა და იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მარაგები 1.2 მილიარდ ბარელამდე შეავსო. ეს კი 3-4 თვიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები