მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა სანქციები კიდევ 61 ამერიკელს დაუწესა, მათ შორისაა მაიკ პომპეო

62d3bfe659f19
ალა ისპირიანი
17.07.22 16:30
684
ირანმა სანქციები დამატებით 61 ამერიკელს დაუწესა, მათ შორის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ირანელი დისიდენტების მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„შავ სიაში“ შეყვანილ სხვა პირებს შორის ასევე არიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურმა თეირანმა გამოაცხადა მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს ასრულებს. როგორც სააგენტო Reuters წერს, ირანის ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან „შავ სიაში“ შეყვანილი პირები დიდი ალბათობით ირანში აქტივებს არ ფლობენ, რის გაყინვასაც დაწესებული სანქციები ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, ამჟამად ირანსა და აშშ-ის შორის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც ვენაში დაიწყო და ყატარში გაგრძელდა. Reuters წერს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ სანქციები მიმდინარე წლის იანვარში 51 ამერიკელს უკვე დაუწესა, ხოლო კიდევ 21-ს, აპრილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები