ირანს დედაქალაქის ცვლილება სურს.
ირანის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყნის ახალი დედაქალაქი შესაძლოა, მეკრანი გახდეს. ქალაქი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ომანის ყურის სანაპიროზე მდებარეობს.
Trend-ის ცნობით, ფატიმა მუჰაჯირანმა 7 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, დედაქალაქის გადატანა სასწრაფო საკითხთა შორის არ არის.
„ყოველ შემთხვევაში, მეკრანს აქვს დიდი პოტენციალი. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ძალისხმევა, რათა მოხდეს ინჟინრების, ეკოლოგების, ეკონომისტების და სხვათა მხარდაჭერის მიღება“, - ამბობს ირანის მთავრობის სპიკერი და აღნიშნავს, რომ თეირანში არსებობს წყალთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები.
ირანის დედაქალაქის თეირანიდან გადატანის კანონი 2015 წელს დამტკიცდა. ცოტა ხნის წინ, ირანის პრეზიდენტმა კი, საავტომობილო გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტროს დაავალა შეიმუშაოს პროექტი დედაქალაქის თეირანიდან გადატანის მიზნით.
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ქვეყნის პრეზიდენტი დედაქალაქის გადატანაში ეკონომიკურ მიზანშეწონილობას პოულობდა - დღეს აუცილებელია ზღვით ჩასული ნედლეულის ირანში სიღრმეში გადატანა, შემდეგ კი მზა პროდუქციის საზღვაო ნავსადგურებში ტრანსპორტირება. რაც მნიშვნელოვნად ზრდის საქონლის ღირებულებას.
„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გადავიტანოთ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე,” - თქვა მაშინ მასუდ პეზეშკიანმა.