მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში ხამენეის შემცვლელი საბჭო შეიქმნა - უზენაესი ლიდერის მოვალეობას ალირეზა არაფი შეასრულებს

ალირეზა არაფი

ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი დროებითი მმართველი საბჭოს წევრად და რელიგიურ ადგილმონაცვლედ აიათოლა ალირეზა არაფი დაინიშნა. იგი საბჭოში ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაეს მოსამართლე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეისთან ერთად იმუშავებს, სანამ ექსპერტთა ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ვინ გახდება მომავალი ლიდერი.

არსებობს მოლოდინი, რომ 67 წლის მაღალი რელიგიური თანამდებობის პირი მალე ქვეყნის მე-3 უზენაეს ლიდერად დაინიშნება, რადგან დღეს შექმნილ, მოვალეობის შემსრულებელთა საბჭოში მსგავსი პოზიციის დაკავება მხოლოდ მას შეუძლია. აღსანიშნავია ფაქტიც, რომ ის არის ირანის გავლენიანი სახელმწიფო ორგანოების, მცველთა საბჭოსა და ექსპერტთა ასამბლეის წევრი. ამასთან, აიათოლა ხელმძღვანელობს ირანის სასულიერო სემინარებს.

თავად ალირეზა არაფი 1959 წელს, ქალაქ მეიბოდში დაიბადა. მისი ოჯახი რელიგიურ ელიტასთან ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული - მისი მამა ისლამური რევოლუციის ავტორ რუჰოლა ხომეინის ახლო მეგობრად ითვლებოდა. მან სასულიერო განათლება ქალაქ ყუმში მიიღო, სადაც ისლამურ თეოლოგიასთან ერთად დასავლურ ფილოსოფიას, მათემატიკას, ინგლისურსა და არაბულ ენებს სწავლობდა. სასწავლო პროცესში მისი აკადემიური მენტორები ირანის წამყვანი აიათოლები და სასულიერო მოღვაწეები იყვნენ, რომლებმაც მისი შეხედულებების ფორმირებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონიეს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2015 წელს იგი ექსპერტთა ასამბლეის წევრი სწორედ უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სპეციალური ნებართვით, სავალდებულო საკვალიფიკაციო ტესტის ჩაბარების გარეშე გახდა. წლების განმავლობაში არაფი არაერთ გავლენიან პოზიციას იკავებდა, მათ შორის ხელმძღვანელობდა „ალ-მუსტაფას“ საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც შიიტური იდეოლოგიის გლობალურ გავრცელებაზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები