რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, თეირანში ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით დაესწრება - ამის შესახებ მოსკოვში ირანის ელჩმა განაცხადა.
ეს ვიზიტი მიუთითებს მოსკოვსა და თეირანს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე, რომლებიც ბოლო წლებში სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გზით კიდევ უფრო გაღრმავდა. კრემლი მაღალი რანგის წარმომადგენელს გზავნის ცერემონიალზე, რომელშიც მონაწილეობას სულ მცირე 30 ქვეყნის დელეგაცია მიიღებს.
ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია თეირანში 3 ივლისს დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას სულ მცირე 30 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია მიიღებს.
დასწრება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმაც, რომელიც, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანში თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ჩავა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ დაკრძალვას, რადგან ისინი ომის დროს "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".
კიდევ ვინ დაესწრება თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს?
4 და 5 ივლისამდე ხამენეის ცხედარი დასვენებული იქნება თეირანის "მოსალაში" - ქალაქის უმსხვილეს რელიგიურ და საზოგადოებრივ კომპლექსში, სადაც მოქალაქეებს პატივის მიგება შეეძლებათ.
6 ივლისს სამგლოვიარო პროცესია ირანის დედაქალაქის მთავარ ქუჩებს გაივლის, რის შემდეგაც ცხედარს ქალაქ ყუმში გადაასვენებენ, სადაც სამგლოვიარო ცერემონიები 7 ივლისს გაიმართება.
დაკრძალვა დაგეგმილია 9 ივლისს, ხამენეის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში მდებარე მავზოლეუმში. ხამენეიმ ეს ვარიანტი აირჩია და უარი თქვა თეირანის გრანდიოზულ მავზოლეუმზე, რომელიც მისი წინამორბედისთვის, აიათოლა რუჰოლა ხომეინისთვის და რესპუბლიკის სხვა მაღალი რანგის მოხელეებისთვისაა შექმნილი.
ხამენეის მკვლელობის შემდეგ, მედვედევმა - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით - მკაცრად დაგმო თავდასხმა საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა თავი შეიკავა ომის დროს რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების შეთავაზებისგან.




























