მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დაესწრება თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს? - რას წერს ირანული მედია

ალი ხამენეი

ირანი აიათოლა ალი ხამენეის ექვსდღიანი სახელმწიფო სამგლოვიარო ცერემონიისთვის ემზადება. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონიას 30-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური პირები და 90-ზე მეტი სახელმწიფოს რელიგიური ლიდერები დაესწრებიან.

თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ ექვსდღიან სამგლოვიარო ღონისძიებას უახლოეს დღეებში ირანისა და მთლიანად დასავლეთ აზიის რეგიონისთვის "ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა" უწოდა .

ბაღაიმ დაადასტურა, რომ ყველა მეზობელი ქვეყანა გაგზავნის თავის წარმომადგენელს.

ირანს მონაწილეთა სრული ოფიციალური სია ჯერ არ გამოუქვეყნებია. ამასთანავე, ბევრ ქვეყანას საჯაროდ ჯერ არ დაუდასტურებია, თუ ვინ წარადგენს მათ სამგლოვიარო ცერემონიაზე.

თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება - დელეგაციათა შემადგენლობა ჯერჯერობით საჯარო არ არის.

დასწრება დაადასტურა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა. ხოლო ბანგლადეშის პარლამენტის სპიკერის, ჰაფიზ უდინ აჰმადის თქმით, ქვეყანას დაკრძალვაზე ის წარადგენს.

მოსალოდნელია, რომ დაკრძალვაზე ინდოეთის დელეგაციას სათავეში ჩაუდგებიან ბიჰარის შტატის გუბერნატორი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი სეიდ ატა ჰასნაინი და საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი პაბიტრა მარგერიტა. მიუხედავად იმისა, რომ მოწვევები სხვა მაღალჩინოსნებზეც გავრცელდა, პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი არ იქნება ინდოეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რადგან 6-დან 11 ივლისამდე დაგეგმილი აქვს ვიზიტები ინდონეზიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

ამ დრომდე (1 ივლისი, 14:00 საათი) დასავლური ქვეყნის არცერთ წარმომადგენელს ან პოლიტიკურ ლიდერს ირანში ვიზიტის შესახებ არ განუცხადებია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ "პატივი", დაესწრონ დაკრძალვას, რადგან ისინი ომის დროს "ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ".

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვა, რომელიც თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთის ომის პიკზე გადაიდო, ჩატარდება იმ ფონზე, როდესაც ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის მყიფე რეჟიმს იცავენ.

ხამენეი, რომელიც მრავალი შიიტისთვის სულიერ ლიდერს წარმოადგენდა, 86 წლის ასაკში, 28 თებერვალს - ომის პირველ დღეს, ირანის დედაქალაქის ცენტრში მდებარე საკუთარ რეზიდენციაზე განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა.

საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია შაბათს დაიწყება. მისი ცხედარი დასვენებული იქნება თეირანის ცენტრში მდებარე კოლოსალურ კომპლექსში, რომელიც ტრადიციულად მასპინძლობს პარასკევის მთავარ ლოცვებს, ოფიციალურ ცერემონიებსა და რელიგიურ შეკრებებს.

ოფიციალური პირების პროგნოზით, ცერემონიებში მონაწილეობას 15-დან 20 მილიონამდე მგლოვიარე მიიღებს, რაც ამ მოვლენას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სახელმწიფო დაკრძალვად აქცევს.

ხელისუფლებამ თეირანში სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით მუშაობის შეჩერება დაავალა, ხოლო მასშტაბური სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი კერძო ავტომობილებისთვის მიუწვდომელი გახდება.

თეირანში დაგეგმილი ცერემონიების შემდეგ, ხამენეის ცხედარს ერაყის წმინდა ქალაქებში - ნაჯაფსა და ქერბელაში გადაასვენებენ, რის შემდეგაც, 9 ივლისს, მას დაკრძალავენ იმამ რეზას სალოცავში, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

თუმცა, თეირანში დაგეგმილ მთავარ ცერემონიაზე კვლავ უცნობია, დაესწრება თუ არა პროცესს ხამენეის ვაჟი და მემკვიდრე მოჯტაბა, რომელიც დანიშვნის შემდეგ საზოგადოების წინაშე ჯერ არ გამოჩენილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები