მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება - G&T

თბილისი

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart ახლო აღმსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება.

28 თებერვალს ირანზე აშშ-სა და ისრაელის სამხედრო თავდასხმამ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ვოლატილობა გაზარდა, ასევე დროებით შეფერხდა არა მხოლოდ ირანში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა.

საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ეკონომიკაზე მიმდინარე კომფლიქტის გავლენას აფასებს, მათ შორის, სავალუტო შემოდინების წყაროებზე, რაც მოიცავს ტურიზმს, ფულად გზავნილებს, პირდაპირ ინვესტიციებსა და ექსპორტს. Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარით, ამ სამხედრო დაპირისპირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იქნება.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პირდაპირი ეკონომიკური კავშირები ირანთან მცირეა. 2025 წელს ირანის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში (ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები) 0.9%-ს შეადგენდა. გასულ წელს ისრაელ-ირანს შორის მომხდარმა 12-დღიანმა კონფლიქტმა ცხადყო, რომ მას საქართველოსზე ხელშესახები მაკროეკონომიკური გავლენა არ ჰქონია.

"ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მოკლევადიანი ესკალაციები როგორც წესი, შეზღუდულ თანმდევ ეფექტებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კვლავ ცვალებადია, ეკონომიკური გავლენა უმეტესწილად დამოკიდებული იქნება არა თავად პირველად ესკალაციაზე, არამედ იმაზე თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს მდგომარეობა", - აცხადებენ საინვესტიციო ბანკში.

საბაზისო სცენარი:

ამ სცენარით თუ კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს, 2026 წლის მშპ-ის ზრდა მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, ინფლაციური ეფექტები კი ზომიერი და მეტწილად გარდამავალი იქნება.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ირანზე, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ზომიერია და კონცენტრირებულია კონკრეტულ არხებში, უმთავრესად კი ტურიზმში.

ირანთან საქართველოს პირდაპირი კავშირები მნიშვნელოვნად შეზღუდულია. შარშან მთლიან სავალუტო შემოდინებებში ირანის წილი მხოლოდ 0.9% იყო. აქედან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდიოდა მთლიანი მოცულობის 2.6%, საქონლის ექსპორტზე 0.5%, ხოლო ფულადი გზავნილები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ფაქტობრივად არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, Galt & Taggart-ი აცხადებს, რომ მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ მოკლევადიან შეფერხებებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური გავლენა ჰქონდეს.

საქართველოსთვის ისრაელი უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფულადი გზავნილების კუთხით. 2025 წელს ისრაელიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების 12.5%-ს, ხოლო ფულადი გზავნილები მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენდა, რაც ისრაელზე საქართველოს სავალუტო დამოკიდებულების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ისრაელიდან საქონლის ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და თითოეული მშპ-ის 0.1%-ის ტოლფასია. მთლიანობაში, ისრაელის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში მშპ-ის 2.5% იყო, რაც ზომიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

საქართველოს კავშირები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ასევე შეზღუდულია, თუმცა დივერსიფიცირებულია ტურიზმსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2025 წელს ყურის ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მთლიანი მოცულობის 4.5%-ს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4.2%-ს შეადგენდა. ეს ნაკადები მთლიან ეკონომიკასთან შეფარდებით მცირეა (მშპ-ის 1.1%), თუმცა მოკლევადიან პერიოდში ტურიზმი ყველაზე მოწყვლად სფეროდ რჩება.

2025 წელს ირანიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ჯამურმა იმპორტმა მთლიანი იმპორტის დაახლოებით 4.1% შეადგინა, რაც ძირითადად ტელეფონებს, სამშენებლო მასალებსა და სხვა სახის პროდუქციას მოიცავდა. აღნიშნული საქონლის ჩანაცვლება სხვა მიმწოდებლებით (მაგალითად თურქეთი და ჩინეთი) შესაძლებელია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტის შეფერხება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკონომიკურ აქტივობაზე აისახოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები