მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში ომის დაწყების შემდეგ, მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა

საწვავი

ირანში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობას საწვავის შეძენა 72%-ით გაუძვირდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტებიდან ხდება ცნობილი. კონტრაქტების თანახმად, ბოლო ორ თვეში რეგულარის და პრემიუმის მარკის გაძვირებამ ლიტრზე 88-89 თეთრი შეადგინა, სუპერის მარკის საწვავის გაძვირება კი ლიტრზე 92 თეთრს შეადგენს.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს "ვისოლისგან".

საწვავის კატეგორიების მიხედვით მაისის შესასყიდი ფასები ასე ნაწილდება:

  • ევრორეგულარი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.14, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 72%, გაძვირება ლარებში — 0.88 ლარი;
  • პრემიუმი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.17, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 72%, გაძვირება ლარებში — 0.89 ლარი;
  • სუპერი: მაისის შესასყიდი ფასი — 3.48, გაძვირება ირანში ომის დაწყებიდან — 74%, გაძვირება ლარებში — 0.92 ლარი.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებისგან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

აპრილში Platts-ის ფასი 1060 დოლარამდე გაიზარდა (მარტში 974 დოლარი, თებერვალში კი 686 დოლარი), რამაც კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა განაპირობა.

რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 3.39-3.55 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.55-3.69 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.87-4.09 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები