2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პრეზერვატივის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში $517 ათასის ღირებულების 11 700 კილოგრამი პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $413 ათასის 8 300 კილოგრამს უდრიდა.
საქმე ის არის, რომ ირანის ომით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტები უკვე პრეზერვატივის ბაზარზეც აისახა. როგორც Bloomberg წერს, მიწოდების ჯაჭვების დარღვევამ და ხარჯების ზრდამ მწარმოებლებს ფასების გაზრდისკენ უბიძგა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, Karex, რომელიც ბრენდს Durex-ს აწარმოებს, პროდუქციის გაძვირებას გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაძვირებულია ნედლეული, ლოგისტიკა და ენერგორესურსები, რაც საბოლოოდ საცალო ფასებზეც აისახება. მედიის ინფორმაციით, კომპანია ფასების 20%-დან 30%-მდე ზრდას განიხილავს, რაც ომით გამოწვეული ხარჯების მკვეთრ მატებას უკავშირდება.
წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 25%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოცულობა 41%-მდე მატებას აჩვენებს, რაც ბაზარზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.
წელს, 3 თვეში იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი რუსეთს უკავია - $278 ათასი (2 800 კილოგრამი). მას მოსდევს ლატვია $64 ათასით (1 500 კილოგრამი) და ლიეტუვა $57 ათასით (500 კილოგრამი). ასევე, მნიშვნელოვანი მოცულობები შემოდის გერმანიიდან - $41 ათასი (1 600 კილოგრამი) და პოლონეთიდან - $39 ათასი (500 კილოგრამი).
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩინეთიდან იმპორტი $16 ათასს (3 600 კილოგრამი) შეადგენს, იტალიიდან - $10 ათასს (600 კილოგრამი), თურქეთიდან - $4 ათასს (300 კილოგრამი), ხოლო ირანიდან - $3 ათასს (200 კილოგრამი).




























