მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში საპროტესტო აქციებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 2 600 აქტივისტი

თეირანი

ირანში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებზე დაყრდნობით, CNN წერს, რომ თეირანის ქუჩებში უზარმაზარი ხალხმრავლობა და ძალადობა იყო. მედიასთან მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საავადმყოფოში „ერთმანეთზე დაწყობილი გვამები“ დაინახეს.

საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს თეირანის ბაზრებში ინფლაციის წინააღმდეგ დაიწყო და მალევე გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით. ამ დროისთვის აქციები უკვე 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანელ ხალხს მხარს უჭერს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა მკაცრი განცხადებები, მათ შორის მუქარა, რომ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს დახოცავენ და ირანს სამხედრო დარტყმა დაემუქრება.

დემონსტრანტების ინფორმაციით, პარასკევს უსაფრთხოების ძალებმა ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. სამხედროებისა და პოლიციის შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამედიცინო პერსონალის ცნობით, პარასკევს შირაზში ქალს თავში ესროლეს, ნეიშაბურის აღმოსავლეთით კი მომიტინგეებს შენობების სახურავებიდან ესროდნენ. ნაჯაფაბადში დაშავებულები მონტაზერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პაციენტების დიდ ნაწილს დაშავებულთა ცხედრებთან ერთად უწევდა ყოფნა.

დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში სულ მცირე 78 მომიტინგე დაიღუპა. ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 116 ადამიანს აღწევს. მოკლულთა შორის შვიდი არასრულწლოვანია. გარდა ამისა, 2 638 ადამიანი დააკავეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები 31 პროვინციის 185 ქალაქსა და სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა.

მიუხედავად ინტერნეტის გათიშვისა, ირანის მოქალაქეები კომუნიკაციის შენარჩუნებას და აქციებში აქტიურ მონაწილეობას ცდილობენ. თეირანის ერთ-ერთი მკვიდრის თქმით, ინტერნეტის გათიშვამ საპირისპირო ეფექტი გამოიღო და ქუჩებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა.

ირანის ხელისუფლება მოსახლეობას ფხიზლად ყოფნისა და ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ესკანდარ მომენიმ „გარკვეული ხარვეზები“ აღიარა, თუმცა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ ირანელებს „უკეთესი ეკონომიკური მომავალი“ ელოდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები