ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 1-ელ მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
კალასის განმარტებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება რეგიონში არსებულ დაძაბულობას და მუდმივ კომუნიკაციაშია პარტნიორებთან.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, - წერს კაია კალასი.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ირანის ხელისუფლებას ეკისრება და „რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.
კალასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა ესკალაციის თავიდან არიდებაა: „მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“.




























