მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ირანთან ომი 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება“ - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" მიმდინარეობაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დასახული მიზნების სრულ მიღწევამდე გაგრძელდება. პრეზიდენტის თქმით, წინასწარი პროგნოზით, აქტიური ფაზა 4-დან 5 კვირამდე გასტანს, თუმცა ამერიკული მხარე მზადაა ოპერაცია მანამ გააგრძელოს, სანამ საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრება.

პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მთავარი მიზანი ირანის ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობების სრული განადგურებაა. მან აღნიშნა, რომ წინა ოპერაციის, "შუაღამის ჩაქუჩის" შემდეგ, თეირანმა გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა განაგრძო. „ირანული რეჟიმი, აღჭურვილი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებითა და ბირთვული იარაღით, აუტანელი საფრთხე იქნებოდა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ამერიკელი ხალხისთვისაც“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ირანული რაკეტები მალე აშშ-ის ტერიტორიასაც მისწვდებოდა.

ტრამპმა ვრცლად ისაუბრა ირანული რეჟიმის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ აგრესიაზე და გააკრიტიკა ბარაკ ობამას პერიოდში გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, რომელსაც „საშინელი და სახიფათო დოკუმენტი“ უწოდა. მისი თქმით, ეს იყო „ბოლო და საუკეთესო შანსი“, რომ ამ „ავადმყოფი და ბოროტი რეჟიმისგან“ მომავალი საფრთხეები განადგურებულიყო. „47 წლის განმავლობაში ეს რეჟიმი თავს ესხმოდა აშშ-ს და კლავდა ამერიკელებს. ყოველთვის, როცა ხედავთ დასახიჩრებულ ადამიანს, ეს თითქმის დარწმუნებით ირანული ბომბის შედეგია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოსვლისას პრეზიდენტმა დააზუსტა სამხედრო კამპანიის კონკრეტული ამოცანები: ირანის სარაკეტო პოტენციალის, ასევე საზღვაო ძალების განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ „ტერორიზმის ნომერ პირველმა სპონსორმა მსოფლიოში“ ბირთვული იარაღი ვერასდროს მოიპოვოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არმია უკვე უსწრებს დროში გაწერილ გეგმას: „ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4 კვირა სამხედრო ხელმძღვანელობის გასანადგურებლად, რაც, როგორც იცით, დაახლოებით ერთ საათში გაკეთდა. ასე რომ, გრაფიკს ბევრად ვუსწრებთ“ - თქვა შტატების ლიდერმა.

დასასრულს, დონალდ ტრამპმა პატივი მიაგო ბრძოლაში დაღუპული ოთხი ამერიკელი სამხედროს ხსოვნას და პირობა დადო, რომ მისია აუცილებლად გაგრძელდება. მან უარყო მედიაში გავრცელებული ვარაუდები, თითქოს ოპერაცია მალე მობეზრდებოდა: „ზოგიერთმა მედიიდან თქვა, რომ ერთ-ორ კვირაში მომწყინდებოდა. არა, მე არასდროს მწყინდება. ამაში მოსაწყენი არაფერია. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია და ადვილად გავიმარჯვებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები