2023 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საქართველოში კივის ექსპორტი 6.6-ჯერ გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში საქართველომ 973.8 ათასი აშშ დოლარის 293.8 კივი გაიტანა ექსპორტზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 147.4 ათასი აშშ დოლარის 60.9 ტონა კივი. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 808.9 ათასი აშშ დოლარის 183.8 ტონა იყო.
საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი დემურ ფიფია bm.ge-სთან აცხადებს, რომ უკეთესი მოსავალი და შესაბამისად ექსპორტის ზრდა უკეთესმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია, პრობლემები კი, რომელიც სექტორს ჰქონდა კვლავ მოუგვარებელია.
ფიფიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი იმპორტირებული ირანული კივია, რომელიც ქართული ეტიკეტით დაბალ ფასში იყიდება, რის გამოც ქართველი ფერმერების პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ფეხს ვერ იკიდებს.
,, წელს, უკეთესი ხარისხის იყო ქართული კივი, რაც უკეთესმა ამინდმა განაპირობა. სხვა მხრივ, არაფერი შეცვლილა, ისევ პრობლემად რჩება სარწყავი წყალი, რომელიც ბაღებამდე არ მიდის და უკვე წლებია, უშედეგოდ ვცდილობთ სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდეს.
ასევე, დიდი პრობლემაა ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ირანული კივი, რომელიც ვერავითარ საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ჰერბიციდებითაა გაჯერებული. ირანულ კივს ეტიკეტს უცვლიან, თითქოს ქართულია და ძალიან დაბალ ფასში ყიდიან. სინამდვილეში, ხარისხით, ფერით, ფორმით, გემოვნური თვისებებით ყველაფრით განსხვავდება. ამიტომ გვიჭირს ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრება. არაერთხელ შევხვდით სახელმწიფოს წარმომადგენლებს. პრობლემის შესახებ წლებია იციან, მაგრამ არაფერი იცვლება" - განაცხადა დემურ ფიფიამ bm.ge-სთან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოში 1.1 მლნ აშშ დოლარის 2 304 ტონა კივი იყიდა, მოცულობის 88.8% ირანიდან იმპორტირებული კივია - 947.8 ათასი აშშ დოლარის 2 047 ტონა.